ზურაბ პატარაძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პატარიძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო და ბათუმისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტებში გმირთა მემორიალები, ხოლო ქობულეთში ომის გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ 2008 წლის აგვისტოს ომი საქართველოსთვის უმძიმესი ტრაგედიაა, ხოლო დაღუპული გმირების თავდადება ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სიმბოლოდ რჩება.

,,ძალიან მძიმე დღეა თითოეული ჩვენგანისთვის და სრულიად საქართველოსთვის. 18 წელი გავიდა 2008 წლის 8 აგვისტოს შემდეგ, თუმცა დიდი ტკივილი არ ნელდება. დღეს, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ ჩვენს გმირებს, ადამიანებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ყველაზე ძვირფასი - სიცოცხლე გაიღეს.

ამ დიდ ტრაგედიას 400-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 21 გმირი ჩვენი რეგიონიდან, აჭარიდან. ქედს ვიხრით მათი ხსოვნისა და მათი ოჯახების წინაშე. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი ქვეყნის პრაგმატული, სწორი და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია ჩვენი უსაფრთხოება და წარმატებები. ამასთან, ჩვენი ქვეყნის უმთავრეს ამოცანად რჩება დეოკუპაცია მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი გზით, რაც ჩვენი გმირების, იმ გმირების ოცნებაც იყო, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას" - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ ქობულეთის მუნიციპალიტეტში ომის გმირების საფლავები ყვავილებით შეამკო. ზურაბ პატარაძემ დაღუპული გმირების ოჯახებს მადლობა გადაუხადა სიმტკიცისთვის და აღნიშნა, რომ გმირების ხსოვნის სათანადოდ დაფასება და მათი ოჯახების მხარდაჭერა ხელისუფლების პასუხისმგებლობად და ვალდებულებად რჩება.

2008 წლის აგვისტოს ომის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს პარლამენტის წევრმა გია ჭყონიამ, აჭარის უმაღლესი საბჭოს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებმა, ბათუმის მერმა გიორგი ცინცაძემ და ქობულეთის მუნიციპალიტეტების მერმა ირაკლი ცეცხლაძემ, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა.

ინფორმაციას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.