ქართველი „კანონიერი ქურდების“ კრება საბერძნეთში დაიგეგმა - სპეცოპერაციის შედეგად 12 პირი დააკავეს
1783025137
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრას მარმარას კავკასიის ქართული ასოციაციების ფედერაციის პრეზიდენტი, ასევე იზნიქის, ინეგოლის, ორჰანგაზის, გემლიქის, ბურსას, ბალიქესირისა და გოლჯუქის ქართული საზოგადოებების თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ზურაბ პატარაძემ ხაზი გაუსვა თურქეთში მცხოვრები ქართული დიასპორის განსაკუთრებულ როლს ქართულ-თურქული ურთიერთობების გაღრმავებაში, ასევე, ქართული ენის, კულტურის, ტრადიციებისა და ისტორიული ფესვების შენარჩუნების საქმეში.
„მნიშვნელოვანი შეხვედრა გავმართეთ ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან და რეგიონში მოღვაწე სხვადასხვა ქართული საზოგადოების თავმჯდომარეებთან. კიდევ ერთხელ აღვნიშნეთ საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობა, მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგი და დიასპორის განსაკუთრებული წვლილი ქვეყნებს შორის კავშირების გაძლიერებაში.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ დიასპორასთან ერთად დაგეგმილი გვაქვს არაერთი მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტის განხორციელება. ამ პროცესში ჩართულია დიპლომატიური მისიები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები და ოფიციალური პირები, რაც თანამშრომლობის კიდევ უფრო ფართო შესაძლებლობებს ქმნის“ - განაცხადა ზურაბ პატარაძემ.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და თურქეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის მზარდ დინამიკას, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურისტული, კულტურული და საგანმანათლებლო მიმართულებებით ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.
მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ აჭარის მთავრობა მზად არის, დიასპორასთან ერთად განახორციელოს ახალი ინიციატივები, ხელი შეუწყოს ქართული ენის, ტრადიციების პოპულარიზაციას და ქვეყნებს შორის არსებული მეგობრული კავშირების გაძლიერებას.
დიასპორებთან შეხვედრებთან ერთად, დელეგაციის წევრებმა ადგილობრივი ღირსშესანიშნაობები მოინახულეს, მათ შორის, პანორამული მუზეუმი და შვიდასწლოვანი სოფელი ბურსის პროვინციაში, რომელიც 2014 წელს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში შეიტანეს.
შეხვედრებს საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი, საქართველოს პარლამენტის წევრი გია ჭყონია, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების მთავრობის წევრები და აჭარის უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.