თელავში მიუსაფარმა ძაღლმა 9 წლის ბიჭი დაგლიჯა

ძაღლები

თელავში მიუსაფარმა ძაღლმა 9 წლის ბიჭი დაგლიჯა. შემთხვევა, ქალაქის ცენტრში, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ეზოში მოხდა.

მოზარდს მძიმე დაზიანებები სხეულის სხვადასხვა ადგილას აქვს მიყენებული. აცრების ჩასატარებლად და სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად, არასრულწლოვანი თბილისში გადაიყვანეს.

დაშავებული მოზარდის დედა, მარიამ კობაიძე, საცხოვრებელი კორპუსის ეზოს მიუსაფარი ძაღლებისგან განთავისუფლებას ითხოვს.

„ახლახანს დავბრუნდით თბილისიდან, თელავში ვერ აცრეს, ბავშვი ალერგიულია და თან ანემია აქვს, ალბათ ისევ გადასხმები დასჭირდება. დაგლეჯილი აქვს მთელი სხეული, იმ შიშზე, რაც გადაიტანა, აღარ ვლაპარაკობ. ეს ძაღლი თავშესაფარში წაიყვანეს და გვეუბნებიან, რომ ათ დღეში უკან უნდა დაგვიბრუნონ. ამ ეზოში სხვა ძაღლებიც არიან, ერთი ძალიან აგრესიულია, კინაღამ ხელი მომაჭამა, მეორე საკუთარ ლეკვებს ჭამს, სადარბაზოების გამოსასვლელებში სხედან. ადამიანები დაგვხოცონ მაშინ და ძაღლებმა იპარპაშონ“, - ამბობს კობაიძე.


თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ ძაღლი, რომელმაც მოზარდი დაგლიჯა, უკვე თავშესაფარშია გადაყვანილი.

„სწრაფად მოხდა გადაყვანა თავშესაფარში. მიმდინარეობს მუშაობა, რომ ამ ლოკაციაზე აღარ დააბრუნონ, თუმცა არის იქ ერთი მაცხოვრებელი, რომელიც ძაღლის დაბრუნებას ითხოვს. სხვა ძაღლების გადაყვანაზეც ვმუშაობთ, ვიცით, რომ ეს საფრთხე იქ არის“, - განაცხადეს მერიაში.

უკვე წლებია, თელავში მიუსაფარი ძაღლებისგან ადამიანების დაკბენის ასობით შემთხვევა ფიქსირდება.