სტიქია კახეთში - რა ხდება ადგილზე

ალაზანი

ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ალაზანმა ახმეტის მუნიციპალიტეტში დამცავი ჯებირები გაარღვია. მოვარდნილმა წყალმა სოფელ ქვემო ალვანის შესასვლელი, სასოფლო სამეურნეო სავარგულები და გზების ნაწილი დატბორა. სოფელ ქვემო ალვანში დატბორილია მეცხოველეობის ფერმა და მისი მიმდებარე ტერიტორიაც.

ერთ-ერთი ადგილობრივის, სოსო ბაბულაიძის განმარტებით, ცხვრები დახრჩობას მწყემსებმა გადაარჩინეს „მწყემსებს საქონელი დროულად, რომ არ გამოეყვანათ, დაიხრჩობოდნენ. ალაზანი ახლაც ადიდებულია და ველოდებით რომ ცოტა დაწყნარდეს. წყლის დონემ თუ არ დაიწია, ვერანაირი სამუშაოები ვერ დაიწყება“ - ამბობს ბაბულაიძე.

სოფელ ქვემო ალვანში ახმეტის მერის წარმომადგენელი  მაია ჭოლიკიძემ აცხადებს, რომ გამაგრებითი სამუშაოების დაწყება მხოლოდ წყლის დონის შემცირების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ხანგრძლივი წვიმების შედეგად ადიდებულია გურჯაანში მდებარე ნავთის ხევიც. ხევმა წყალი ვერ გაატარა, ჯებირებიდან გადმოვიდა და გურჯაანი-ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე მიედინება.

ამ დროისათვის კახეთში  თითქმის ყველა მდინარე ადიდებულია.