სტიქია კახეთში - განადგურებული და დაზიანებულია 870 ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღი

სტიქია კახეთში

ძლიერმა სეტყვამ, გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა.​ წუხანდელმა სტიქიამ, ოთხი სოფლის ვენახები და ხეხილის ბაღები გაანადგურა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ძლიერი სეტყვა ოც წუთზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

„ისეთი ძლიერი სეტყვა იყო, დიდხანსაც გაგრძელდა. ვენახები, ხეხილის ბაღები, სულ გაფუჭებულია. ეს რაღა მოსავალს მოისხამს"- ამბობენ ადგილობრივები.

ძლიერმა წვიმამ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩაზე, სამსართულიანი შენობაც დააზიანა, სადაც თხუთმეტამდე ოფისი წყლით გაივსო. წყლის ძლიერმა ნაკადმა ოთახებში ჩამოყარა ჭერი, აყარა იატაკი, გააფუჭა ტექნიკა და ავეჯი.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, რომ სტიქიამ 870 ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღი დააზიანა, შენობის სახურავის რეაბილიტაციაზე კი მსჯელობა მიმდინარეობს

„დაზარალებულია ოთხი სოფელი, ველისციხე, ჩუმლაყი, ჯიმითი და ახაშენი. 870 ჰექტარი დავთვალეთ. ზარალის დამდგენი კომისია აღარ გვჭირდება, რადგან მონაცემი გვაქვს. რაც შეეხება შენობას, ამაზე ვმსჯელობთ, სრული რეაბილიტაცია ჩავატაროთ, სახურავი ახლით შევცვალოთ, თუ ნაწილობრივ, დაზიანებების მიხედვით“,- განაცხადეს მერიაში.

უამინდობა კახეთში, მესამე დღეა გრძელდება.