სისხლიანი დაპირისპირება ნათესავებს შორის - ახალი დეტალები

პოლიცია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ბიძაშვილის მიერ დაჭრილ 49 წლის კაცს ექიმებმა ორივე ფეხზე ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარეს. ის რეანიმაციიდან თერაპიულ განყოფილებაში უკვე გადაიყვანეს.

თელავის რეფერალური ჰოსპიტლის მედიკოსების განმარტებით, დაჭრილის მდგომარეობა, ამ ეტაპზე, სტაბილურია.

„შუა ხნის კაცი შემოიყვანეს, რომელსაც ორივე ფეხის კიდურზე მიყენებული ჰქონდა ცეცხლნასროლი ჭრილობა. საჭირო გახდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. რეანიმაციიდან გადაყვანილია თერაპიულ განყოფილებაში და მიმდინარეობს მკურნალობა.“ - განაცხადა რეფერალური ჰოსპიტლის დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა.

პოლიციამ ბრალდებული პირი უკვე დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

ცნობისთვის, გუშინ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, შუა ხნის კაცს ცეცხლსასროლი იარაღი საკუთარმა ბიძაშვილმა საცხოვრებელი სახლის ფანჯრიდან ორჯერ დამიზნებით ესროლა. 

სტატიის სხვა ვებგვერდზე გამოქვეყნება აკრძალულია რედაქციასთან შეთანხმების გარეშე