საქართველოს მთავრობასთან ერთად, ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ზრუნვა იმ მოქალაქეებზე, ვისაც სოციალური პრობლემები აქვს და ყველაზე მეტად სჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა - ავთანდილ თალაკვაძე

ავთანდილ თალაკვაძე

დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით ახალი პროგრამების შესახებ ისაუბრა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერია დააფინანსებს.

„ 2024 წელს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მიმართულებით 18 სხვადასხვა პროგრამას დავაფინანსებთ. მერია დაეხმარება ონკოლოგიური დაავადების მქონე პაციენტებს, სპეციალური საჭიროების მქონე ადამიანებს, მრავალშვილიან დედებს, სოციალურად შეჭირვებულ ხანდაზმულ ადამიანებს, დედ-მამით ობოლ ბავშვებს და სხვა ბენეფიციარებს. წელს მოხდება ძვირადღირებული კვლევის თანადაფინანსება ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის - პოზიტრონ-ემისიური ტომოგრაფია (ე.წ. PET კატე) რომელიც ოქროს სტანდარტად ითვლება, და რომელიც 36% შემთხვევებში ცვლის მკურნალობის ტაქტიკას. მისი საშუალებით ხდება ონკოლოგიური დაავადების გავრცელების არეალის დადგენა და მკურნალობის ეფექტურობის შეფასება. ონკოლოგიური დაავადების მქონე პირებისათვის ძვირადღირებული მედიკამენტის - ზომეტას დაფინანსებაც იწყება. ხოლო, 0-დან 18-წლამდე ბავშვებისათვის საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსებას სახელმწიფო მოახდენს ყველა იმ შემთხვევაში, როცა სათანადო სამედიცინო მომსახურების მიწოდება საქართველოში შეუძლებელია,“- აღნიშნავს თალაკვაძე.

მერის თქმით, იზრდება დაფინანსება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისათვის სათანადო სერვისების მისაწოდებლად - წელს ამ მიზნით ბიუჯეტიდან 45 000 ლარით მეტი დაიხარჯება. ასევე, სოციალურად დაუცველი ბავშვიანი ოჯახებისთვის 100%-ით იზრდება პროგრამის დაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს მათ გაძლიერებას. 2024 წლის ახალი სასწავლო წლიდან კი სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრები დაწყებითი კლასის მოსწავლეები სასკოლო ნივთების შესაძენად მიიღებენ ვაუჩერს უკვე 100 ლარის ოდენობით.