საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე პროექტი  ხორციელდება

ქუთაისი

საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე პროექტი  ხორციელდება. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე თემურ ნადირაძე. 

აღმაშენებლის გამზირზე მდებარე 100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, 

მონოლითური კიბის საფეხურები  შეიმოსება ბაზალტისა და ეკლარის  ფილებით, მოეწყობა მოსასვენებელი ადგილები, შეიცვლება სადრენაჟე სისტემა და განახლდება ლამპიონები.  100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაციისთვის 741 191 ლარია განსაზღვრული. სამუშაოებს ასრულებს შპს „ბრიტანია ქონსთრაქშენი“.

საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს კუპრაძის ქუჩაზე, სადაც განახლდება ასფალტო-ბეტონის საფარი, მოეწყობა ტროტუარი  და დახურული ტიპის სანიაღვრე,  გაკეთდება ეზოების შესასვლელები. სამუშაოებს ასრულებს  შპს ,,გზამშენი XXI". კუპრაძის ქუჩის რეაბილიტაციისთვის 1 223 300 ლარია განსაზღვრული . 

ბუკიას ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას აწარმოებს შპს „Georgian Build“.  2 222 220 ლარი დაიხარჯება გზის საფარის განახლებისთვის, სანიაღვრეებისა და ტროტუარების მოსაწყობად.

დაწყებულია ცენტრალური სამუსიკო სკოლის სრული რეაბილიტაცია -  განახლდება და სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა შენობის ფასადი, ინტერიერი, სახურავი, სველი წერტილები, განათების და გათბობის სისტემა, საკონცერტო და საგამოფენო სივრცეები, სამეცადინო ოთახები.

სამუსიკო სკოლის რეაბილიტაციის პროექტი დაფინასებულია რეგიონული განვითარების ფონდის მიერ და მისი ღირებულებაა 1 583 866 ლარი.  სამუშაოებს აწარმოებს  შპს „მშენჯგუფი“.

საყრდენი კედლები მოეწყობა მწვანეყვავილას ქუჩის რამდენიმე მონაკვეთზე.  რკინა-ბეტონის მონოლითური კედლები დაიცავს ადგილობრივ მაცხოვრებელთა ეზოებს ნაშალი მიწის ფენებისგან.  სამუშაოებს ასრულებს შპს „ევროტექნიქსი“. საყრდენი კედლების მოწყობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და ეტაპობრივად სხვა უბნებშიც მოეწყობა.

„ დაწყებულია  100 საფეხურიანი კიბის რეაბილიტაცია. ქუთაისის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი განახლების შემდეგ კიდევ უფრო მიმზიდველი იქნება,  როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ტურისტებისთვისაც.

სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება ცენტრალურ სამუსიკო სკოლას. აქ კაპიტალურად შეიცვლება  გარემო და ქალაქში ერთ-ერთი საუკეთესოდ მოწყობილი  კულტურულ-საგანმანათლებლო კერა გვექნება.

საგზაო ინფრასტრუქტურა წესრიგდება კუპრაძის და ბუკიას ქუჩებზე,  საყრდენი კედლები  ეწყობა მწვანეყვავილას ქუჩაზე.

პროექტები ხორციელდება  როგორც ადგილობრივი ბიუჯეტიდან და რეგიონული განვითარების ფონდიდან,  ასევე საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში“.- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.