ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან - 7 დღე უფასო იქნება

მატარებელი

ქუთაისის აეროპორტის მგზავრებისთვის მატარებლის ბილეთები კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან - 7 დღე უფასო იქნება,- ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი, ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს.

„საქართველოს რკინიგზის საჩუქარი ქუთაისის აეროპორტის მგზავრებს. თითოეული მოქალაქე, რომელიც ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდება ან ქუთაისის აეროპორტიდან სხვადასხვა მიმართულებით გაემგზავრება საქართველოს რკინიგზისგან მატარებლების ბილეთებს უფასოდ მიიღებს. 30 აპრილიდან 7 დღის განმავლობაში, ყველა მგზავრი რომელიც ქუთაისის აეროპორტის ავიაბილეთს რკინიგზის სალაროში წარადგენს თბილისიდან, ზუგდიდიდან, ბათუმიდან, ფოთიდან და ოზურგეთიდან კოპიტნარამდე და კოპიტნარიდან თბილისის, ბათუმის, ზუგდიდის, ფოთისა და ოზურგეთის მიმართულებით - უფასოდ იმგზავრებს.

მთავრობის სპეციალური განკარგულებით, განახლებული სადგურიდან კი ქუთაისის აეროპორტამდე და აეროპორტიდან სადგურამდე მგზავრების გადაყვანას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება უზრუნველყოფს,“ - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სადგურში სახელწოდებით ,,ქუთაისის აეროპორტი“ ყველა სამგზავრო მატარებელი გაჩერდება.