რუსთავში, ურბანულად ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული - ლეონიძის სახელობის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო

ნინო ლაცაბიძე

რუსთავში, კიდევ ერთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება დაიწყო.

ლეონიძის სახელობის  ქუჩას, რომელიც  ურბანული და სატრანსპორტო  თვალსაზრისით ერთ-ერთი ყველაზე დატვირთულია ქალაქში,  სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება.

სამუშაოებს, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან ერთად  გაეცნო.

,,დღეს რუსთავში ერთ-ერთი  მთავარი გამოწვევა  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა  და  მერიის გუნდი ვცდილობთ, ამ გამოწვევას ვუპასუხოთ.

დღეს  დავიწყეთ ლეონიძის ქუჩის რეაბილიტაცია.  გარდა იმისა, რომ ამ ქუჩის რეაბილიტაცია, ქალაქის განვითარებისთვის არის აუცილებელი, ეს იყო  მოსახლეობის დიდი ხნის თხოვნაც. 

რა თქმა უნდა, იქნება გარკვეული  დისკომფორტიც, რადგან სატრანსპორტო კუთხით  საკმაოდ დატვირთული ქუჩაა, მაგრამ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ,  რომ  დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ და კიდევ ერთი განახლებული, მწვანე და დასასვენებელი სივრცეებით გალამაზებული ქუჩა შევმატოთ რუსთავს."- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

პროექტის ფარგლებში, 13 200 კვადრატულ მეტრ ფართობზე,  სამფენიანი გზის საფარი დაიგება, მოეწყობა ახალი სანიაღვრე ქსელი, ტროტუარები, ველობილიკი, მწვანე სივრცეები და პარკინგი.

გათვალისწინებულია გარე განათების ქსელის, საგზაო ნიშნების, მუნიციპალური ტრანსპორტის მოსაცდელების და წყლის სასმელი შადრევნების მოწყობაც.

როგორც რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ განაცხადა, პროექტი, ქალაქის განვითარების სტრატეგიული გრგმის ნაწილია და რუსთაველების საჭიროებებზეა ორიენტირებული.

,,ჩვენი გუნდის მიზანია, რომ ყველა ინიციატივა ეფუძნებოდეს საზოგადოების ინტერესებს და ემსახურებოდეს ქალაქის გრძელვადიან განვითარებას. ეს პროექტი, სწორედ მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით დავიწყეთ და ქალაქის სწორი სტრატეგიული განვითარებისთვის არის აუცილებელი" - განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.

პროექტის ღირებულება 3 934 439 ლარია და სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.