სინოპტიკოსები მოსახლეობას ხვალ მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებენ
1769767101
რუსთავში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ძირითადი ნაწილი დასრულდა. რეაბილიტირებული და სრულად გამაგრებულია თბილისის ქუჩის #4, #16 და #20 ავარიული საცხოვრებელი კორპუსები. ამ ეტაპზე, კი თბილისის ქუჩის შუაგამყოფი რეკრეაციული სივრცის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.
რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, თბილისის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოებს, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან, საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარ დეპუტატ ირაკლი შატაკიშვილთან, ქალაქის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ბეურაშვილთან და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ ზურა ტაბაღუსთან ერთად გაეცნო.
„თბილისის ქუჩაზე მიმდინარეობს უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც კორპუსების გამაგრება-რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოსახლეობასთან კომუნიკაციის დროს, სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა იმის საჭიროება, რომ რუსთავის მერიის გუნდს ამ ქუჩაზე მწვანე სივრცის რეაბილიტაციაც დაიწყო. რეკრეაციული სივრცე 20 ათ. კვადრატულ მეტრ ფართობზე მოწესრიგდა, დავამატეთ მწვანე ნარგავები, მოეწყო სარწყავი და განათების სისტემები, რაც წლების განმავლობაში აქ არ ყოფილა. ეს პროექტი რომელიც ერთ-ერთი ძველი ისტორიული ქუჩის რეაბილიტაციას გულისხმობს, წარმატებით ხორციელდება. ჩვენ ამ ქუჩაზე შენობების რეაბილიტაციას ვაგრძელებთ და იქამდე სანამ პროექტის ყველა ეტაპი დასრულდება, მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება კეთილმოწყობილ და გამწვანებულ სივრცეში დაისვენოს“,- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის შემდეგ ეტაპზე, მოსახლეობასთან შეთანხმებით, #8 საცხოვრებელი შენობის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა-რესტავრაციაა განსაზღვრული. ელექტრონული ტენდერი, უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„რუსთავში, თბილისის ქუჩის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ძირითადი სამუშაოები უკვე დასრულდა. გამაგრება-რეაბილიტაცია ამ ეტაპზე სამ საცხოვრებელ კორპუსს ჩაუტარდა. შემდეგ ეტაპზე კი მოსახლეობასთან შეთანხმებით, კიდევ ერთი კორპუსის დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მოხდება. დღეისათვის თბილისის ქუჩაზე არსებული რეკრეაციული სივრცის მოწყობა მიმდინარეობას. თბილისის ქუჩას, რუსთავისთვის მნიშვნელოვანი ურბანული და სატრანსპორტო დატვირთვა აქვს. რესტავრირებული ქუჩიდან ბენეფიტს, ფაქტიურად მთელი ქალაქი მიიღებს“,- განაცხადა რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა.
თბილისის ქუჩის შუაგამყოფ ზოლში ეწყობა საფეხმავლო ბილიკები, სარწყავი სისტემა, გარე განათება და დასასვენებელი ზონა. მიმდინარეობს ტერიტორიის გამწვანება და ჯამში, სხვადასხვა სახეობის 1850 ხე-მცენარე დაირგვება.
პროექტის პირველი ეტაპის სამუშაოების ღირებულება, 3 282 091 ლარია და ცენტრალური ბიუჯეტიდან ფინანსდება.
პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და რეაბილიტაცია, მოსახლეობასთან შეთანხმებით სხვა ავარიულ კორპუსებსაც ჩაუტარდება.