ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს სამეგრელოში - ამოღებულია სხვადასხვა სახის ნარკოტიკი

პოლიციის სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, წარსულში მსგავსი დანაშაულისთვის არაერთხელ ნასამართლევი ორი პირი: 1973 წელს დაბადებული ვ.კ. და 1984 წელს დაბადებული ბ.ქ. დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება ამოიღეს, მათ შორის: „მეთადონი“ და „პრეგაბალინი“.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის საჭირო მასალები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 261-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.