რუსთავის მოსახლეობისთვის ექვსი დაავადების უფასო სკრინინგ აქცია ჩატარდა

სკრინინგი

საქართველოს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, ფთიზიატრთა და პულმონოლოგთა ასოციაციის, რუსთავის მერიის ორგანიზებითა და საქართველოს წითელი ჯვრის ორგანიზაციის ჩართულობით, რუსთავში ექვსი დაავადების  სკრინინგ აქცია ჩატარდა.

რუსთავის მოსახლეობას, ცხრა დღის განმავლობაში შესაძლებლობა ჰქონდა,  მობილურ კლინიკაში ტუბერკულოზზე, ჰიპერტენზიაზე, აივ/შიდსზე, c ჰეპატიტზე, დიაბეტზე და კოვიდ 19-ზე სამედიცინო გამოკვლევა უფასოდ ჩაეტარებინა.
სკრინინგ აქციის მიმდინარეობას რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე ადგილზე გაეცნო.

„რუსთავში უფასო სკრინინგ პროგრამა მიმდინარეობს, რაც ძალიან  მნიშვნელოვანია, რადგან ამ დროისთვის 600-ზე მეტმა ადამიანმა ჩაიტარა უკვე გამოკვლევა. სკრინინგი  ექვს სხვადასხვა დაავადებაზე უფასოდ ტარდება. მე მინდა მადლობა ვუთხრა მედიკოსებს და იმ ორგანიზაციებს, ვინც უზრუნველყო ამ პროგრამის  ჩვენს ქალაქში განხორციელება“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

მობილური კლინიკა, რუსთავში 11 ივლისიდან, 19 ივლისის ჩათვლით, რამდენიმე ლოკაციაზე იყო განთავსებული და დღეისათვის გამოკვლევა 600-ზე მეტმა პირმა ჩაიტარა.

რუსთავში სკრინინგ აქცია,  გლობალური ფონდის მიერ დაფინანსებული ტუბერკულოზის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.