ოზურგეთში ახალი ცენტრი გაიხსნა, რომელიც აუტისტური სპექტრისა და განვითარების დარღვევების მქონე ბავშვებს მოემსახურება

ოზურგეთი

ცენტრის გახსნას ოზურგეთის მერი ავთანდილ თალაკვაძე, საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ქეთევან მოისწრაფეშვილი, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ.

„მოქალაქეებთან შეხვედრებმა და არასაკმარისი სერვისების გამო, არაერთ ოჯახში არსებული პრობლემების გაცნობამ დაგვარწმუნა მიგვეღო გადაწყვეტილება, რომ 2023 წლიდან არსებითად გაგვეზარდა აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე პირებისთვის რეაბილიტაცია/აბილიტაციის პროგრამების დაფინანსება.
აუტიზმის ახალი ცენტრი - „ლაზიკამედის აკადემია“, რომელიც აუტისტური სპექტრისა და განვითარების სხვადასხვა ტიპის დარღვევის მქონე ბავშვებს მოემსახურება - შვება იქნება არაერთი ოჯახისთვის და რაც მთავარია, ხელს შეუწყობს პატარებს უნარ-ჩვევების განვითარებაში, დაეხმარება მათ სოციალურ გარემოში საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაში, დამოუკიდებლად ფუნქციონირებასა და ინტეგრაციაში.
 
ოზურგეთის მერია განაგრძობს ამ მიმართულებით დაინტერესებულ მხარეებთან მუშაობას და სერვისების განვითარების მხარდაჭერას. მზად ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.

ახალი ცენტრი აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით და დაკომპლექტებულია კვალიფიციური პროფესიონალებით; აქ შესაძლებელია სხვადასხვა სერვისის მიღება: ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაცია, აუტიზმის დიაგნოსტიკა, მეტყველების თერაპია, ქცევის თერაპია, სენსორული თერაპია, აკადემიური უნარების განვითარება. ამ ეტაპზე დაწესებულებას 100-მდე ბენეფიციარის მიღება შეუძლია.