ნინო ლაცაბიძე - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერამ და გასულ წლებში განხორციელებულმა პროექტებმა, შეგვიქმნა საფუძველი, გვქონდეს მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ქალაქად ჩამოყალიბების ამბიციური გეგმა

ნინო ლაცაბიძე

რუსთავის 2027 წლის ბიუჯეტის პარამეტრები 192 518 200 ლარით განისაზღვრა.

ახალი განვითარების ქალაქი ბიუჯეტის ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს და 2027  წელს,  2026 წლის საწყის ბიუჯეტთან შედარებით,  20 მილიონით გაზრდილი პარამეტრებით ხვდება.

ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი რუსთავის საკრებულომ დღეს დაამტკიცა.

ბიუჯეტი რუსთავის წარმომადგენლობით ორგანოს ნინო ლაცაბიძემ გუნდთან ერთად წარუდგინა.

,,საქართველოს მთავრობის უდიდესი მხარდაჭერით, რუსთავის გუნდი,  მზად ვართ ჩვენი ქალაქის  განვითარებისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი, უმნიშვნელოვანესი წლის დასაწყებად.

20 მილიონი ლარით გაზრდილი, 192 მილიონი ლარით განსაზღვრული  საწყისი ბიუჯეტი რუსთავში დამტკიცებულია.

ეს ნიშნავს, რომ დავიწყებთ უმნიშვნელოვანეს პროექტებს და  კიდევ უფრო მეტ ახალ შესაძლებლობებს შევქმნით რუსთაველებისთვის.

ჯერ კიდევ უამრავი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი, მაგრამ გასულ წლებში განხორციელებულმა პროექტებმა შეგვიქნა  რეალური  საფუძველი, გვქონდეს მზარდ და  განვითარებაზე  ორიენტირებულ ქალაქად ჩამოყალიბების ამბიციური გეგმა"- განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ. 

პრიორიტეტი კვლავ ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარებაა და ინფრასტრუქტურული პროექტების საწყისი ბიუჯეტი, 83 087 700 ლარია.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას.
 პირველ ეტაპზე ახალი გზები დაიგება მელიქიშვილის, გრიგოლ ხანძთელის, მოდებაძის, ნიშნიანიძის, დოლიძის ქუჩებზე.

2027 წელს  რუსთაველების კიდევ ერთი პრობლემა გადაწყდება. საქართველოს მთავრობის დახმარებით,  რუსთავს 70 ახალი ავტობუსი ეყოლება. 70-ვე სატრანსპორტო საშუალება, რუსთავი-თბილისის ხაზზე იმოძრავებს.

გაგრძელდება ავარიული საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაცია, დაიწყება ხელოვნების ახალი სასახლის მშენებლობა.
 გრძელდება ახალი ლიფტების პროგრამაც. მომავალ წელს რუსთავის კორპუსებში კიდევ 200-მდე ახალი  ლიფტი დამონტაჟდება. 

2027 წელსვე დაიწყება  რუსთავის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სპორტული ობიექტების-სპორტული ქალაქის და უეფას სტანდარტების სტადიონის მშენებლობა. იგეგმება რუსთავის ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია და ახალი ვრცელი რეკრეაციის მოწყობა სპორტული ქალაქის მომდებარედ.

გრძელდება მუნიციპალური სერვისების რეფორმა და იგეგმება ახალი  ახალგაზრდული პროექტები.

2027 წელი რუსთავის განვითარებისთვის კიდევ ერთი გარდამტეხი წელი იქნება.

✕