მხატვრებს გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევს, ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი - გაიცანით მხატვარი, რომლის ნახატებიც ინტერნეტს იპყრობს

tariel toloraia

ბათუმელი 52 წლის მხატვრის, ტარიელ თოლორაიას მიერ შესრულებულმა პეიზაჟებმა და ნატურმორტებმა სოციალური ქსელი დაიპყრო. ხასხასა ფერები, საოცარი გემოვნებისა და ნიჭის ნაზავი იგრძნობა თითოეულ ნამუშევარში. ტარიელმა სამხატვრო აკადემიის გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა.

ყველაფერი კი ზღვისპირა ქალაქ ბათუმიდან დაიწყო.

„ბათუმში დავიბადე და ამ ქალაქის მეორე საჯარო სკოლა დავამთავრე. სკოლის დროს ხუთი წელი დავდიოდი ფორტეპიანოზე, მაგრამ სურვილის გარეშე. შემდეგ ხატვის ნიჭი აღმომაჩნდა, კარგად მახსოვს მეხუთე კლასიდან ვხატავ... თავიდან ფანქრით, შემდეგ – ზეთში, ძირითადად ნატურმორტებს ვხატავ. დღემდე ვხატავ ნატურმორტებს და პეიზაჟებს. კომერციული მიზნით მშრალ ხიდზე გავიტანე ჩემი რამდენიმე ნახატი და მაგის მერე უამრავი შეკვეთა წამოვიდა...  რასაც ვაკეთებ გულით ვაკეთებ", - ამბობს მხატვარი ,,პრაიმთაიმთან". 

ტარიელი სიამაყით იხსენებს მის სადიპლომო ნამუშევარს, რა დროსაც ლითონისგან სხვადასხვა თემატიკის ყანწები დაამზადა.

,,სადიპლომოს დაცვის დროს სულ შვიდი სახის ყანწი დავამზადე და წარვადგინე. საკმაოდ შრომატევადი სამუშაო იყო,ისინი ჯერ გამოვძერწე, მერე ყალიბი ჩამოვასხი და თითოეულ რქას მოვარგე. ესენი იყო კამეჩის, ხარის, ცხვრის, თხის რქები. მოკლედ, საინტერესო სამუშაო იყო", - ამბობს ტარიელი.

ბოლოს კი მაინც პეიზაჟების შესრულებამ გაიტაცა. ბათუმიდან თბილისში ჩამოსულმა, ქალაქის პეიზაჟებით დაიწყო.

,,მხატვრებს, როგორც თითქმის ყველა სფეროს ადამიანს, ბევრი ყოფითი პრობლემის მოგვარება და გადარჩენისთვის ბრძოლა გვიწევს, ამ მხრივ არც მე ვარ გამონაკლისი. დღეს მშრალ ხიდზე ნახატები აღარ გამაქვს. ვმუშაობ ძირითადად სამზარეულოში, რადგან საკუთარი სახელოსნო არ მაქვს",- გვიყვება მხატვარი.

"მოცხარი" მისი გამორჩეული ნამუშევარია და როგორც ამბობს კარგ ფასადაც გაყიდა.

"რაც შეეხება ბათუმს, ის ჩემთვის იყო და არის სითბო, წვიმა, ტურისტებით სავსე ქალაქი და, რა თქმა უნდა, ზღვა, რომელსაც, მართალია, არ ვხატავ, მაგრამ ზღვის სტიქია ჩემთვის მაინც ძალიან ახლობელი და მშობლიურია".

ტარიელ თოლორაიას ნახატები კლასიკოსი ჰოლანდიელი მხატვრების ნატურმორტებს მოგაგონებთ,- ასეთი შეფასება მისცა მის ნახატებს ცნობილმა ხელოვანმა მანანა ძიძიკაშვილმა.

,,რაც უნდა დავხატო, საბოლოოდ მაინც ჩემეული გამოდის. ის დიდი მხატვრებიც ხომ ვიღაცის გავლენის ქვეშ იყვნენ... თუმცა, ნამუშევარში მთავარი მაინც ისაა, რაც მხოლოდ შენია. დღეს რასაც ვხატავ, იმ წამსვე იყიდება. სახლში მხოლოდ თითო-ოროლა ნამუშევარი მაქვს. მახარებს ის ამბავი, რომ სოციალურ ქსელებში ძალიან ბევრი მხატვრისგან მოდის მოწონება და რიგითი მომხმარებლისგანაც. ეს კი დიდ სტიმულს მაძლევს. სხვისი ნამუშევრებით მოწონებას მეც ხშირად გამოვხატავ. გამოფენა ჯერ არ მქონია, ეს ალბათ მომავლის საქმეა", - ამბობა მხატვარი.