მარნეულის მუნიციპალიტეტს 5 ერთეული ტრაქტორი საკუთრებაში გადაეცა

მარნეული

მარნეულის მუნიციპალიტეტის დროებით სარგებლობაში არსებული 5 ერთეული ტრაქტორი, რომელიც სოციალურად დაუცველი მოსახლეობის სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მოხვნის მიზნით გამოიყენებოდა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის გიორგი დოხტურიშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული ტექნიკა 2016 წელს „კომპანია სოკარმა“, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციას გადასცა. ჯამში 18 ერთეული ტრაქტორი, შესაბამისი სპეც. აღჭურვილობით. სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა იმავე წელს, სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მიერ, თხოვების ხელშეკრულების საფუძველზე გადაეცა რეგიონის მუნიციპალიტეტებს.

აღსანიშნავია, რომ სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის საკუთრებაში ოფიციალურად გადაცემის შემდეგ, მარნეულის მუნიციპალიტეტი იღებს ვალდებულებას, რომ ტრაქტორები ასევე უსასყიდლოდ მოემსახუროს, სხვადასხვა მოწყვლადი კატეგორიის ოჯახებს. არსებული მდგომარეობა გამოიწვევს როგორც სოფლის მეურნეობის, ასევე, ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას. დასაქმდება 5 ადამიანი.

მოგახსენებთ, რომ პირველი ეტაპისთვის, მომართვიანობის საფუძველზე, უკვე აღრიცხულია 72 ბენეფიციარის, 35 ჰექტრამდე დასამუშავებელი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა.

დღეს, სოფელ თამარისში, ბენეფიციარების მიწის სეზონური დამუშავების პროცესს, სიმბოლურად რეგიონის და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.