პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2022 წლის 17 ივნისს, საქართველოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფმა სიღნაღის რაიონში მდებარე წნორის „ხანდაზმულთა სავანე ბეთელის“ მონიტორინგი ჩაატარა.
მონიტორინგის მასალების თანახმად, ხანდაზმულები ღირსების შემლახველ პირობებში იმყოფებიან.
„ბენეფიციარები მძიმე ანტისანიტარიულ პირობებში იმყოფებიან. მთელ შენობაში გაუსაძლისი, მძაფრი სუნი დგას. ყურადღება არ ექცევა ბენეფიციარების ჰიგიენას. უმეტესობას ძველი, დახეული და ჭუჭყიანი ტანსაცმელი აცვია. დაწესებულება არ უზრუნველყოფს პირადი ჰიგიენის საშუალებებს და პირადი ჰიგიენის დაცვაში მხარდაჭერას.
ბენეფიციართან გასაუბრებისას გაირკვა, რომ მათ არ აქვთ ბანაობის შესაძლებლობა. ერთ-ერთი ხანდაზმულის განცხადებით, მიმდინარე წელს მას საერთოდ არ უბანავია”, - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
ამავე ანგარიშის თანახმად, ხანდაზმულთა სახლს მხოლოდ ერთი სააბაზანო ოთახი აქვს და სველ წერტილებში კი, საშინელი ანტისანიტარიაა. ასევე გაურკვეველი დარჩა, რით იკვებებიან მოხუცები.
„დაწესებულება უგულებელყოფს ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვას. კერძოდ, არ ჰყავს ექიმის კადრი, არსებული მცირე სამედიცინო დოკუმენტაცია არასრულია. დაწესებულებას არ ჰყავს კაცი მომვლელი, რომელიც უზრუნველყოფდა კაცი ბენეფიციარების მოვლას ისე, რომ არ შელახულიყო ხანდაზმულთა ღირსება. უნდა აღინიშნოს, რომ დაწესებულებაში მომუშავე პერსონალის ანაზღაურება ყველაზე დაბალია, სხვა ხანდაზმულთა სახლებთან შედარებით. შემაშფოთებელია, დაწესებულების ადმინისტრაციის სტიგმით განპირობებული სტერეოტიპული დამოკიდებულება ზოგიერთი ხანდაზმულის მიმართ. ვერ მოხდა ხანდაზმულთა საკვების კვებითი ღირებულების შეფასება“, – აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში.
მონიტორინგის ჯგუფის მტკიცებით, ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ხანდაზმულებს ღირსება არ აქვთ.
„დარღვევებთან დაკავშირებით გამოთქმულ შენიშვნაზე ადმინისტრაციის წარმომადგენელმა განაცხადა, ხანდაზმულს იმისათვის, რომ ღირსება შეელახოს, უნდა ჰქონდესო. იკვეთება დიფერენცირება, მათი როგორც ფიზიკური, ასევე მენტალური ჯანმრთელობის მიხედვით. აღნიშნული აღვივებს ბენეფიციართა შორის დაპირისპირებასაც.
ადმინისტრაციის თანდასწრებით, ხანდაზმულები არ გამოთქვამდნენ წუხილს და ერიდებოდნენ პრობლემებზე საუბარს. ხოლო, მარტო დარჩენის შემთხვევაში, აფიქსირებდნენ დაწესებულებაში ცხოვრების გამოწვევებს"- ნათქვამია ანგარიშში.
მონიტორინგის შედეგების თანახმად, საქართველოს სახალხო დამცველი, ჯანდაცვის სამინისტროსგან რეაგირებას და დაწესებულებაში მყოფი ხანდაზმულების სხვაგან გადაყვანას ითხოვს.
ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარი, დალი ამაშუკელი ამბობს, რომ თავშესაფრის ადმინისტრაციასთან პრეტენზია არ აქვს და საკვებიც და ჰიგიენური პირობებიც ნორმალურია.
„ნორმალურად არის ყველაფერი, სამჯერ ვიკვებებით, ხუთი დღის წინ ვიბანავე. მადლობელი ვარ, ყველაფრისთვის, კარგი ადგილია, თავის საქმეს აკეთებენ“, - ამბობს მოხუცი.
ხანდაზმულთა სახლის დამფუძნებელი, გივი მოსულიშვილი მონიტორინგის შედეგებს არ ეთანხმება.
„მე ვერ დავეთანხმები ამ დასკვნას. თვითონ ექიმი ვარ და არავის, მითუმეტეს ხანდაზმულს, ასეთ მდგომარეობაში არ გავაჩერებ. არ ვამბობ, რომ იდეალური მდგომარეობაა, მაგრამ არცერთი მოხუცი არ იმყოფება ღირსების შემლახავ პირობებში, უკეთესი იქნება, მობრძანდით, თქვენი თვალით ნახეთ, ან როგორ არიან, ან რით იკვებებიან. ბოლო პერიოდში თითოეული მოხუცის დაფინანსება სახელმწიფოსგან, გაიზარდა. ან ეს ჩანაწერი, რას ნიშნავს, რომ თურმე ვარჩევთ მოხუცებს ერთმანეთისგან. მსგავსი არასოდეს არაფერი მომხდარა. ხომ გითხარით, იდეალური ვითარება არ არის, მაგრამ ყველა სხვასთან შედარებით, ჩვენი მოხუცები, ბევრად უკეთეს პირობებში არიან“, - განაცხადა მოსულიშვილმა.
სახალხო დამცველის მონიტორინგის ჯგუფის ანგარიში, ჯერჯერობით არ მიუღიათ, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერიაში.
მერის მოადგილე, დავით დურგლიშვილი „პრაიმტაიმთან“ საუბარში ამბობს, რომ ანგარიშს გაეცნობიან და შესაბამის რეაგირებას მოახდენენ.
ჩვენ ეს ანგარიში არ მიგვიღია. თუ გამოქვეყნდა, ვნახავთ და შესაბამის რეაგირებას მოვახდენთ. ამ წუთში გამიჭირდება რამის თქმა, რადგან მონიტორინგის შედეგებს არ ვიცნობ“, - განაცხადა დურგლიშვილმა.წნორის ხანდაზმულთა სახლი სათემო ორგანიზაციაა, სადაც 21 ბენეფიციარია მოთავსებული. აქედან, 17 მოხუცის მომსახურებას სახელმწიფო ზრუნვის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, 600 ლარით აფინანსებს, 2 პირის მომსახურების ხარჯს მუნიციპალიტეტი იხდის, ორი ხანდაზმული კი, თვითდაფინანსებაზეა.