დამოუკიდებლობის დღე ტყიბულში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა

ტყიბულო

ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერი დავით კუბლაშვილი დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტყიბულში გამართულ ღონისძიებებს დაესწრო.

26 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიულ დროს მუნიციპალურ თეატრში გაჟღერდა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი. თეატრში შეკრებილ საზოგადოებას მუნიციპალიტეტის მერმა მიმართა და დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

დავით კუბლაშვილმა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, გრიგოლ დალაქიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ იზოლდა ნემსაძემ საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და სოლომონ I-ის ძეგლი გვირგვინებით შეამკეს.

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ასევე დაესწრნენ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს.

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ტყიბულის სპორტის სასახლეში მოეწყო საბავშვო, გასართობი და სპორტული სივრცეები. მუნიციპალური თეატრის ფოიეში მოეწყო ხელნაკეთი ნივთებისა და სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და თემატური კუთხეები.

26 მაისის ღონისძიებები, ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფებისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა მონაწილეობით, საზეიმო კონცერტით დასრულდა.