უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციას შეეცდება, რათა ისინი უკრაინის დახმარებისგან გამოთიშოს - ემანუელ მაკრონი

ემანუელ მაკრონი

უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ ესკალაციას შეეცდება, რათა ისინი უკრაინის დახმარებისგან გამოთიშოს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრის დროს განაცხადა, რომელსაც ის ვირტუალურად ესწრება.

მისივე თქმით, NATO-ს წევრმა ქვეყნებმა მყარი პოზიციის დაცვა უნდა გააგრძელონ და რუსეთზე ზეწოლა გაზარდონ.

ამავდროულად, საფრანგეთის ლიდერი გამოვიდა ინიციატივით, გაიმართოს მინისტერიალი, სადაც რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ იმსჯელებენ.

„ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი შეეცდება ესკალაციას ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ, რათა გამოთიშოს ისინი უკრაინის დახმარებისგან. აქ მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ყველა იმ კოლეგის მიმართ, რომლებიც სამიზნედ იქცნენ. ცხადია, რომ NATO-ს ქვეყნები სამიზნედ იქნებიან და პროვოკაციები გამრავლდება. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ის, რაც NATO-ში დავიწყეთ, რათა უზრუნველვყოთ მყარი პოზიცია. ჩვენ უნდა გავაორმაგოთ ჩვენი ძალისხმევა სანქციებისა და შემზღუდავი ზომების მიმართ და გავაძლიეროთ ჩვენი კოორდინაცია. ამასთანავე, ცხადია, თავიდან ავიცილოთ ესკალაციის ნებისმიერი რისკი. ჩვენი თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები უკვე მუშაობენ ამაზე. და მე გთავაზობთ, რომ რამდენიმე კვირაში მოვიწვიოთ ჩრდილოვანი ფლოტის წინააღმდეგ ბრძოლისადმი მიძღვნილი მინისტერიალის შეხვედრა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ყველგან, სადაც შეგვიძლია მოქმედება, ვიმოქმედოთ“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

ცნობისთვის, უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად, კიევში ევროპელი ლიდერები იმყოფებიან. მათ შორის დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის მეთაურები. ისინი მონაწილეობენ „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაში, რომელიც კიევში პირველად გაიმართა.