შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
რუსთავის მერია და საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია, რუსთავის წყალმომარაგების სისტემაზე მიმდინარე სამუშაოების ერთობლივ მონიტორინგს აგრძელებენ.
კომპანია GWP-იმ ხრამი-რუსთავის მაგისტრალური წყალსადენის რეაბილიტაციის მე-3 ეტაპი დაიწყო. პროექტი 1 კილომეტრის სიგრძის მაგისტრალური მილსადენის შეცვლას ითვალისწინებს.
ნინო ლაცაბიძე და დავით ნარმანია, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილთან და კომპანია GWP-ის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ.
,,ჩვენ გვაქვს მიზანი და გეგმა, რომ რუსთავში წყალმომარაგების პრობლემა, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულოთ. ის მეგა პროექტები, რომლებსაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით წელს დავიწყებთ, ჩვენს ქალაქს განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს. კომპანია, რომელიც ქალაქის წყალმომარაგებაზეა პასუხისმგებელი, აბსოლუტურად მზად უნდა დახვდეს ამ პროექტებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვაგრძელებთ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიასთან ერთად და აქტიურ მონიტორინგს ვუწევთ მიმდინარე პროცესს.
2022 წლიდან დღემდე, ძალიან დიდი სამუშაოა ჩატარებული და შედეგიც სახეზე გვაქვს. ჩვენი გუნდი ვაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსთავის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა საბოლოოდ დავძლიოთ“, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.
მიმდინარე პროექტის მონიტორინგის შემდეგ, სამუშაო შეხვედრა რუსთავის მერიაში გაგრძელდა, სადაც 2026 წლის განმავლობაში დაგეგმილი სხვა პროექტებიც განიხილეს.
,,განვიხილეთ რუსთავის წყალმომარაგების საკითხები, ის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელიც GWP-ის მიერ ხორციელდება, ასევე რუსთავის ინფრასტრუქტურასთან მიმართებაში კოორდინაციასთან დაკავშირებული საკითხები. დღეს რუსთავში სახეზე გვაქვს შემცირებული ავარიები, უფრო უკეთესი და საიმედო წყალმომარაგება, თუმცა ეს არასაკმარისია. მიმდინარე სამუშაოების აქტიური ტემპი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს და შენარჩუნდეს იმისთვის, რომ თითოეულ პრობლემას მივხედოთ სათანადოდ“, - განაცხადა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანიამ.
ხრამი-რუსთავის წყალმომარაგების მაგისტრალური ქსელის რეაბილიტაციის მესამე ეტაპის ფარგლებში სრულად განახლდება 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთი, რაშიც კომპანია 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს.
სარეაბილიტაციო სამუშაოები 2026 წლის მარტში დაიწყო და მისი დასრულება ივნისშია დაგეგმილი.
,,ხრამი-რუსთავის მაგისტრალური მილსადენის რეაბილიტაციის პროექტი მასშტაბურობიდან გამომდინარე, სამ ეტაპად ხორციელდება. პირველი ეტაპი 2024 წელს წარმატებით დასრულდა და განახლდა 2.2 კილომეტრი სიგრძის წყალმომარაგების ქსელი. მეორე ეტაპის ფარგლებში რეაბილიტირდა 2.3 კილომეტრი სიგრძის მონაკვეთი. მესამე ეტაპზე დაგეგმილია დამატებით 1 კილომეტრზე მეტი სიგრძის ქსელის განახლება, რისთვისაც კომპანია 1.6 მილიონი ლარის ინვესტიციას ახორციელებს. სამუშაოების დასრულება 2026 წლის ივნისში იგეგმება“,- განაცხადა GWP-ის ტექნიკურმა დირექტორმა გიგა ნადირაძემ.
კომპანია GWP-ი მიმდინარე წელს, რუსთავში 15 მილიონი ლარის ინვესტიციას განახორციელებს. ცენტრალური მაგისტრალის გარდა, იგეგმება ქსელური წყალსადენების და წყალარინების რეაბილიტაციაც. გათვალისწინებულია რუსთავის წყალმომარაგების სისტემისთვის, ელექტროენერგიის ალტერნატიული წყაროს შექმნაც, რაც ქალაქის წყალმომარაგების სტაბილურობის დამატებითი გარანტია იქნება.