ბორჯომის მერმა ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ბორჯომი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერმა მამუკა გელაშვილმა, მერის პირველ მოადგილე ბიბო პაპიძესა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელ გიორგი გოგალაძესთან ერთად, მაღალმთიან სოფლებში — საკირესა და დვირში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა.

სოფელ დვირში ამჟამად შიდა გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც 1 კილომეტრამდე მონაკვეთზე  ბეტონის საფარი მოეწყობა. პარალელურად, ახლდება სასმელი წყლის ქსელიც. პროექტი 2 მონაკვეთის ამოცვლასა და ახალი შემყვანების მოწყობას ითვალისწინებს.

რაც შეეხება სოფელ საკირეს, აქ ერთდროულად რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება. მოსახლეობისთვის სასმელი წყლის დებიტის გაზრდის მიზნით, კაპტაჟიდან არსებულ რეზერვუარამდე 2130 გრძივი მეტრი სიგრძის ახალი მაგისტრალი ეწყობა.

გარდა ამისა, ხალაძეების უბანში 416-მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი იგება. ამასთან, მიმდინარეობს საავტომობილო გზის დამცავი 49-მეტრიანი საყრდენი კედლის მშენებლობა. პარალელურად, ხორციელდება კედლის მიმდებარე ზედა და ქვედა მისასვლელი გზების მოხრეშვა.