1753472993
ანასეულში მეფუტკრე ფერმერებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი ლევან უჯმაჯურიძე, გურიის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულ გიორგი ღურჯუმელიძესთან ერთად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრის ბაზაზე, რეგიონის მეფუტკრეობის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და გურიის მეფუტკრეთა ასოციაციის ჩართულობით გაიმართა. მონაწილეებმა პარაზიტი ტკიპის -ტროპილელაფსის - მართვის საკითხები განიხილეს.
ტროპილელაფსი საკმაოდ სწრაფად ვრცელდება და საფრთხეს უქმნის როგორც მეფუტკრეობის დარგს, ისე საქართველოში მობინადრე მეთაფლე ფუტკრის ენდემურ ქვესახეობას.
პარაზიტთან ბრძოლის მიმართულებით მსოფლიოს მასშტაბით არსებული მწირი გამოცდილება ართულებს მის მართვას. სწორედ ამიტომ ტროპილელაფსი გადაუდებელი მეცნიერული შესწავლის საგანს წარმოადგენს და საჭიროებს ერთობლივ, სწრაფად განხორციელებულ ქმედებებს დარგის წარმომადგენლებისა და სახელმწიფო უწყებების მხრიდან.
შეხვედრაზე ტროპილელაფსით გამოწვეული დაავადების მართვის ეფექტიან ღონისძიებებზე ისაუბრა ფუტკრის დაავადებების მკვლევარმა, ასოცირებულმა პროფესორმა ირაკლი ჯანაშიამ. კავკასიური რუხი ფუტკრის ქართული პოპულაციების დაცვის მნიშვნელობაზე პრეზენტაცია წარადგინა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მუხურის მეფუტკრეობის ბაზის მკვლევარმა, დოქტორმა ნანა მაისურაძემ.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა პრობლემის პრევენციის კომპლექსური მიდგომების საჭიროება. სწორედ ამ მიზნით მომზადდება საპროექტო წინადადებები შეხვედრაში მონაწილე ყველა მხარის ჩართულობით.
შეხვედრას მეფუტკრე ფერმერებთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად ესწრებოდნენ გურიის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები ქეთი მოისწრაფიშვილი და ლაშა ჭელიძე, რეგიონის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელები, ადამ ბერიძის სახელობის ნიადაგის, სურსათის დიაგნოსტიკისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის ცენტრის „ანასეული“ დირექტორი იოსებ ბასილია.