1782072928
ამბროლაურმა სარაგბო ფესტივალს და რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის ტურს უმასპინძლა
რაგბის კლუბ „ამარანტების“ ორგანიზებით, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და რეგიონში შემავალი მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ამბროლაურის აგრანო ვაჩაძის სახელობის მოედანმა სარაგბო ფესტივალს მეორედ უმასპინძლა.
ფესტივალში მონაწილეობა მიიღო დასავლეთ საქართველოს 8 გუნდმა, (ამარანტები, პონტო (ქობულეთი), ჯიხა (აბაშა, სენაკი, მარტვილი), ბაღდათი, აია (ქუთაისი), ბათუმი, დინოზავრი (წყალტუბო), ჯრუჭი (საჩხერე).
ღონისძიებას განსაკუთრებული დატვირთვა შესძინა რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის წარდგენამ. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო თასის ტურის ფარგლებში მასპინძელი რეგიონი რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთი იყო, ხოლო ფესტივალის მონაწილეებსა და დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ, აგრანო ვაჩაძის სახელობის მოედანზე ახლოდან ენახათ მსოფლიო რაგბის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო.
ფესტივალის დასრულების შემდგომ სარაგბო გუნდების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სპორტის მინისტრის მოადგილემ ირაკლი დოლაბერიძემ, მხარის რწმუნებულმა პაპუნა მარგველიძემ, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად მხეიძემ, მოწვეულმა სტუმრებმა და ცნობილმა მორაგბეებმა.
სარაგბო კლუბ “ამარანტების” წარმომადგენლობამ, სახელმწიფო რწმუნებულს პაპუნა მარგველიძეს მხარდაჭერისა და კლუბის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის სიმბოლური საჩუქარი გადასცა.










