ახალციხეში 26 მაისი მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

ახალციხე

26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, მასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა ახალციხეში.  სადღესასწაულოდ  იყო მორთული ქალაქი და ახალციხის ციხე,  სადაც დილიდანვე სხვადასხვა საზეიმო  და შემეცნებითი აქტივობები მიმდინარეობდა.

ციხის ზედა და ქვედა ნაწილები რამდენიმე თემატურ ზონად - შემეცნებით, გასართობ, კულტურულ და საგამოფენო სივრცეებად იყო დაყოფილი. დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ სხვადასხვა კულტურულ თუ შემეცნებით ღონისძიებებს, თეატრალიზებულ და მუსიკალურ წარმოდგენებს, დაეთვალიერებინათ  ისტორიული გამოფენები, ქართული-ხალხური ტრადიციების კუთხეები, მსურველებს ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ სპორტულ აქტივობებსა და კონკურსებში. ღონისძიების პატარა სტუმრები კი საბავშვო კუთხეში გაერთნენ, სპეციალურად მათთვის საბავშვო სპექტაკლები და შოუები მოეწყო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სადღესასწაულო ღონისძიებებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ვალერიან გობრონიძე,  სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, სამხარეო ადმინისტრაციის და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრნენ.

ღონისძიების ფარგლებში ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების კონცერტი გაიმართა, მერიის სტიპენდიანტები კი ტრადიციულად დიპლომებითა და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

17 საათსა და 10 წუთზე  საზეიმოდ შესრულდა საქართველოსა და ევროკავშირის  ჰიმნები. დღის ბოლოს, გალა კონცერტზე ახალციხელი მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, ბენდი ოთარ მაღრაძის ხელმძღვანელობით და სოლისტები მარიკო ებრალიძე, თემო საჯაია, გიორგი სუხიტაშვილი, ზაურ შავგულიძე, ნინი გველესიანი, ნესტან ჯიბლაძე და მაია ბარათაშვილი.

კულტურული ღონისძიებების პარალელურად, ქალაქ ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამხედრო ტექნიკის გამოფენა,  სადაც  მსურველებს მათი დათვალიერებისა და სამახსოვრო ფოტოების გადაღების საშუალება ჰქონდათ.

მუნიციპალიტეტებში 26 მაისის ღონისძიებები მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით და სამინისტროების ჩართულობით, იმართება. ახალციხეში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ჩართულობით ჩატარდა.