შემოსავლების სამსახური სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1774373291
არასამთავრობო ორგანიზაციამ „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი სიპისი“ ფოთში ახალი პროექტის „Digital Heritage Poti“ განხორციელება დაიწყო. გთავაზობთ ინტერვიუს პროექტის დირექტორთან მარიამ ვერშინინასთან.
პირველ რიგში, მოგვიყევით რას გულისხმობს პროექტი „Digital Heritage Poti“ და რა არის მისი მთავარი მიზანი
პროექტი „Digital Heritage Poti“ მიზნად ისახავს ქალაქ ფოთის კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის თანამედროვე, ციფრული ფორმით წარმოჩენას. პროექტის ფარგლებში ქალაქის სხვადასხვა მნიშვნელოვან ლოკაციაზე განთავსდება სპეციალური QR ფირფიტები და სტიკერები, რომელთა სკანირებისას მომხმარებელი მიიღებს მოკლე, გადამოწმებულ ინფორმაციას კონკრეტული ადგილის ისტორიისა და მნიშვნელობის შესახებ ქართულ და ინგლისურ ენებზე. პროექტის მთავარი იდეა არის - ქალაქის სტუმრებმა და ადგილობრივებმა მარტივად შეძლონ ისტორიული სივრცეების შესახებ ინფორმაციის მიღება, პირდაპირ აღნიშნული ლოკაციიდან, ტელეფონის საშუალებით.
რატომ გადაწყვიტეთ სწორედ QR ტექნოლოგიის გამოყენება კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციისთვის
დღეს თითქმის ყველა ადამიანს აქვს სმარტფონი, ამიტომ QR ტექნოლოგია არის ძალიან მარტივი და ეფექტიანი გზა ინფორმაციის გავრცელებისთვის. ამასთან, პროექტი ეკოლოგიურადაც მნიშვნელოვანია, რადგან QR სისტემის გამოყენებით აღარ არის საჭირო დიდი რაოდენობით ბეჭდური მასალის შექმნა. ინფორმაცია ინახება ონლაინ სივრცეში და მისი განახლება ნებისმიერ დროს შეიძლება. სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ ეს არის თანამედროვე, მდგრადი და გარემოსადმი მეგობრული ინიციატივა.
როგორ შეირჩევა ის ადგილები, სადაც QR ფირფიტები განთავსდება?
პროექტის ფარგლებში შევარჩიეთ ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი კულტურული და ისტორიული სივრცეები. მათ შორის არის ზღვის სანაპირო, ცენტრალური პარკი, ქალაქის მთავარი მოედანი და სხვა ტურისტულად აქტიური ლოკაციები. ინფორმაციები, რომ მაქსიმალურად სანდო და გადამოწმებული ყოფილიყო, შერჩევის პროცესში ჩართული იყვნენ ისტორიკოსები, ადგილობრივი ექსპერტები და კულტურის სფეროს წარმომადგენლები.
პროექტში ახალგაზრდების და ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობაც იგეგმება. როგორ მოხდება ეს?
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ინიციატივა მხოლოდ ტექნიკური პროექტი არ იყოს, არამედ საზოგადოების და ადგილობრივი მოსახლეობის მონაწილეობით განხორციელდეს. პროექტის განხორციელებაში ფოთელი ახალგაზრდები, მასწავლებლები და ადგილობრივი ისტორიის მკვლევრებიც ჩაერთვებიან. მუშაობის პროცესში ახალგაზრდები უკეთ გაიცნობენ საკუთარი ქალაქის ისტორიას და თავადაც შეუწყობენ ხელს მის პოპულარიზაციას.
როგორ შეუწყობს ხელს ეს პროექტი ფოთის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას?
დღეს ტურისტებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია სწრაფი და ხელმისაწვდომი ინფორმაცია. როდესაც ადამიანი ქალაქში გადაადგილდება და ხედავს QR ფირფიტას, შეუძლია რამდენიმე წამში გაიგოს ამ ადგილის ისტორია და მნიშვნელობა. ეს მნიშვნელოვნად ზრდის ქალაქის მიმზიდველობას ტურისტებისთვის და ხელს უწყობს ადგილობრივი ტურისტული სერვისების განვითარებას.
როგორ მოხდება პროექტის შესახებ ინფორმაციის მიწოდება მოსახლეობისთვის და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის?
პროექტის ფარგლებში განხორციელდება საინფორმაციო კამპანია, სოციალური მედიის საშუალებით, მოკლე ვიდეოების, პოსტერებისა და ადგილობრივ მედიასთან თანამშრომლობის გზით. გარდა ამისა, გაიმართება საჯარო პრეზენტაცია ქალაქის ცენტრში, სადაც მოსახლეობას და სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ თავად გამოსცადონ QR სისტემა და გაეცნონ პროექტის შედეგებს.
როგორ ხედავთ პროექტის მდგრადობას და მისი განვითარების პერსპექტივას მომავალში?
ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი მიზანი სწორედ პროექტის გრძელვადიანი სიცოცხლისუნარიანობაა. QR ფირფიტები დამზადდება გამძლე მასალისგან, ხოლო ონლაინ პლატფორმა იქნება მუდმივად ხელმისაწვდომი. ასევე ვგეგმავთ ადგილობრივ ინსტიტუციებთან თანამშრომლობას, რათა მომავალშიც გაგრძელდეს კონტენტის განახლება და ქსელის გაფართოება.
და ბოლოს, რას ეტყოდით ფოთელებსა და ქალაქის სტუმრებს?
ვფიქრობ, ეს პროექტი ყველასთვის საინტერესო შესაძლებლობაა უკეთ გავიცნოთ ქალაქ ფოთისა ისტორია და კულტურული მემკვიდრეობა. ვიწვევთ ყველას, რომ აქტიურად ჩაერთონ, გამოიყენონ QR სისტემა და ერთად გავხადოთ ფოთი უფრო თანამედროვე, საინტერესო და ტურისტებისთვის მიმზიდველი ქალაქი.
სტატია შექმნილია გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და დანიის მთავრობის მხარდაჭერით. გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ ასახავდეს UNDP-ის და დანიის მთავრობის შეხედულებებს.