მარტში, უქმეების გარდა, მოსწავლეები კიდევ 6 დღე დაისვენებენ
1772311592
აჭარის კულტურის სამინისტროს ინიციატივით აჭარის ხელოვნების მუზეუმში ქართველ ქალ მხატვართა გამოფენა - ,,ქალი გაზაფხულის ექსპრესია“ გაიხსნა. ექსპოზიცია აერთიანებს აჭარაში მცხოვრებ და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოწვეულ ქალ მხატვართა ნამუშევრებს.
გამოფენის მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა აჭარის კულტურის მინისტრმა. ელისო ბოლქვაძის განცხადებით, ქართველი ქალი ყოველთვის იყო ეროვნული სიმტკიცის სიმბოლო და განსაკუთრებულ როლს ასრულებდა კულტურისა და ტრადიციების შენარჩუნების, განვითარებისა და მომავალი თაობებისთვის გადაცემის საქმეში. მისივე თქმით, პროექტის მიზანია ქალ ხელოვანთა შემოქმედების ინსტიტუციური მხარდაჭერა და მათი პროფესიული პოტენციალის წარმოჩენა.
ღონისძიების მონაწილეებს მიესალმა აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მეუღლე, თამარ ნარიმანიძე, რომელმაც ხაზი გაუსვა მსგავსი ინიციატივების მნიშვნელობას კულტურული პროცესების გააქტიურებისა და ქალთა შემოქმედებითი შესაძლებლობების წახალისების თვალსაზრისით. აჭარის მუზეუმების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თეონა ზოიძემ, პროექტის მონაწილე მხატვრებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მსგავსი კულტურული ინიციატივები მომავალშივ განხორციელდება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მაია გერსამიას, დიანა თალაკვაძის, ირინა ტორონჯაძის, ეკა ცინცაძის, თამთა დარჩიას, ნინო ჩაკვეტაძის, ეკა მუხაძის, ქეთი ბათიაშვილის და ლია შველიძის 60-ზე მეტი ნამუშევარი. გამოფენა 9 მარტის ჩათვლით გაგრძელდება.
ახალგაზრდა მხატვრებისთვის და სტუდენტებისთვის ჩატარდება მასტერკლასები. პროექტი საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მუზეუმის ორგანიზებით ხორციელდება. წარმოდგენილი ექსპოზიცია 2026-2028 წლებში მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს. გამოფენის გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ აჭარის კულტურის სამინისტროს, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ხელოვნების მოყვარულები.