26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა!  

26 მაისი

ამ თარიღთან დაკავშირებით, დღეს, ლენტეხის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშა აღიმართა. შენობები და ქუჩები დროშებით მოირთო და გაჟღერდა საქართველოს ჰიმნი.  საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, ცენტრალურ მოედანზე, შესავალი სიტყვით ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა გია ონიანმა გახსნა, რომელმაც საქართველოს დამოუკიდებლობის დღის გამოცხადების, მისი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა და ეს დღე სრულიად საქართველოს მიულოცა:

„გილოცავთ 26 მაისს, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თარიღს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. 1918 წლის 26 მაისი არის დღე, რომელმაც გვაჩუქა თავისუფლება. დღე, რომელიც შეგვახსენებს რამდენი იშრომა, იბრძოლა ჩვენმა ქვეყანამ თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის!“  

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მონაწილეობდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის, სამხატვრო სკოლის, რცხმელურის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბავშვებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ლექსები, სიმღერები მიუძღვნეს.  მოეწყო შემაჯამებელი გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იყო ფერწერული ნამუშევრები.  ღონისძიება ლ. მუსელიანის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გაგრძელდა, სადაც 26 მაისთან დაკავშირებით დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა.  ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ 26 მაისს-საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!