VIDEO: „ეს სიმპტომი წნევას არ დააბრალოთ...“ - ექიმის საყურადღებო რეკომენდაცია

წნევა

რა სიმპტომები ახლავს თან ანევრიზმას და როგორია მისი მკურნალობის მეთოდები - თემაზე გადაცემაში "იმუნიტეტი" "ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის" წამყვანი ნეიროქირურგი ცოტნე ჩხიკვიშვილი საუბრობს:

- თუ ანევრიზმა დიდი ზომის არ არის, ასეთ შემთხვევაში, ძირითადად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ძალიან იშვიათად, როცა კონკრეტულ ლოკაციაზეა, შუილის ან მსგავსი სიმპტომი იყოს, მაგრამ ასეთ დროსაც პირდაპირ ვერ ვიტყვით. გიგანტური ანევრიზმა კი სიმსივნის იმიტაციას აკეთებს, რადგან, როგორც მასა, ისე აწვება თავის ტვინს.

ძირითადად, პაციენტებთან, რომლებმაც ანევრიზმა შემთხვევით აღმოაჩინეს, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია გადაღეს, ის სიმპტომები, რის გამოც კვლევა დაიწყეს, ანევრიზმასთან არაფერ შუაში არ არის ხოლმე. არც თავბრუსხვევა, არც თავის ტკივილი, არც გულისრევა და არც სხვა რაიმე მსგავსი ნიშანი... ანევრიზმას თუ აღმოვაჩენთ, მისი კონტროლი და მონიტორინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ გადავწყვიტოთ, პაციენტს ოპერაცია სჭირდება თუ არა. 

ანევრიზმის აღმოჩენის ორი გზა არსებობს - ის ან შემთხვევით შეიძლება აღმოვაჩინოთ ან მისი გასკდომის შემთხვევაში გავიგოთ. გასკდომის შემთხვევაში, ძალიან მნიშვნელოვანი სიმპტომი არის ის, რომ პაციენტს უეცარი, თავის ისეთი ძლიერი ტკივილი ეწყება, როგორიც ცხოვრებაში არასდროს ჰქონია. ასეთ დროს არ უნდა დაელოდოთ და არ უნდა იფიქროთ, რომ წნევა გაქვთ, ან სხვა რამ. უეცარი, გაუსაძლისი თავის ტკივილის დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ საავადმყოფოს.

ანევრიზმის გამოვლენის შემდგომ მოქმედების 3 ვარიანტი გვაქვს. დავაკვირდეთ, ხომ არ იზრდება ზომაში, ხომ არ იცვლება და პაციენტი წელიწადში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ ან ინდივიდუალური გრაფიკით გამოვიკვლიოთ.

გვაქვს ოპერაციული მკურნალობა, რომელიც ორ ნაწილად იყოფა - ერთი ღია ქირურგიული ჩარევაა, მეორე დახურული, მინი-ინვაზიური მეთოდი, რომელიც კორონაროგრაფიის მსგავსი პროცედურაა, თუმცა თავის ტვინში ტარდება.