1754511189
თუ ტელეფონი მიკრობებითაა დაფარული - როგორ გავწმინდოთ იგი დაზიანების გარეშე

დღის განმავლობაში მობილური ტელეფონები უამრავი ბაქტერიითა და მიკრობით ბინძურდება. იგი თითქმის ყველგან თან დაგვაქვს და ხელითაც ხშირად ვეხებით. ტელეფონების ეკრანებზე ხშირად თითის ანაბეჭდები და გადღაბნილი ლაქები რჩება. ამან შეიძლება არამარტო ესთეტიკური, არამედ ფუნქციური პრობლემებიც გამოიწვიოს.
მეცნიერები ტელეფონების მიკრობიოლოგიური ანალიზისას თითქმის ყოველთვის ასობით სახეობის ბაქტერიასა და ვირუსს პოულობენ. მართალია, ყველა მათგანი დაავადებას არ იწვევს, მაგრამ მათი გავრცელების პოტენციალი მაინც არსებობს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ დაბინძურებულ ეკრანებს ხშირად სახეზე ვიდებთ, ჭამისას ვეხებით და შეხვედრებზე მას სხვებსაც ვაწვდით, აშკარაა: მისი რეგულარულად გაწმენდა აუცილებელია.
როგორ გავწმინდოთ ტელეფონი სწორად?
შეიძლება იფიქროთ, რომ საყოფაცხოვრებო ხელსახოცით ან ხელის სადეზინფექციო ხსნარით მობილურის სწრაფი გაწმენდა კარგი იდეაა. სინამდვილეში ამ საშუალებების ხშირად გამოყენება ტელეფონის ზედაპირსა და შიდა კომპონენტებს მნიშვნელოვნად აზიანებს.
Apple და Samsung მომხმარებლებს აფრთხილებს, რომ ტელეფონების გასაწმენდად სარეცხი სითხე, სარკის საწმენდი, ძმარი, წყალბადის ზეჟანგი ან მაღალი კონცენტრაციის (>70%) ალკოჰოლი არ გამოიყენონ.
ტელეფონების ეკრანები ოლეოფობიური საფარითაა დაფარული. ეს თხელი დამცავი ფენაა, რომელიც ეკრანზე თითის ანაბეჭდებისა და გადღაბნილი ლაქების გაჩენას აფერხებს. ძლიერი ქიმიური ნივთიერებები — თუნდაც ალკოჰოლი, აცეტონი ან ამიაკი — ამ საფარს აზიანებს და ეკრანს უფრო დაუცველს ხდის.
ძმარი ბევრისთვის მარტივი სადეზინფექციო საშუალებაა, მაგრამ მაღალი მჟავიანობის გამო შეიძლება ალუმინისა და პლასტმასის კიდეები დააზიანოს. წყალბადის ზეჟანგი ბევრი ზედაპირისთვის ეფექტიანი ხსნარია, მაგრამ მობილური მოწყობილობებისთვის იგი მეტისმეტად ძლიერია.
როგორც ექსპერტები ამბობენ, ტელეფონის გასუფთავება იოლი და იაფია. ამ დროს უბრალოდ სწორი მეთოდები უნდა გამოვიყენოთ და რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორის გავითვალისწინოთ.
უნდა გვახსოვდეს, რომ ტელეფონის გაწმენდისას მოწყობილობა უნდა გამოვრთოთ და ყველა დამატებითი აქსესუარი მოვხსნათ. ყველაზე ცნობილი ტექნოლოგიური ბრენდები რეკომენდაციას იძლევიან, რომ ტელეფონის გასაწმენდად იზოპროპილის სპირტის ხელსახოცები (70%-იანი შემცველობით), რბილი მიკრობოჭკოვანი ტილოები ან რბილი ანტისტატიკური ჯაგრისები გამოვიყენოთ.
COVID-19-ის პანდემიის დროს Apple-მა iPhone-ზე ამ საშუალებების გამოყენება ოფიციალურად დაუშვა. Samsung-იც აცხადებს, რომ ისინი უსაფრთხოა, მაგრამ მოწყობილობის ღია ადგილებთან მათ პირდაპირ კონტაქტს მაინც უნდა მოვერიდოთ.
როგორ ავიცილოთ ტელეფონის დაზიანება თავიდან?
ტელეფონის დაზიანების თავიდან ასაცილებლად სითხე პირდაპირ მოწყობილობაზე არასდროს არ უნდა დავასხათ. მან შეიძლება შიდა ნაწილებში შეაღწიოს და მოკლე ჩართვა ან კოროზია გამოიწვიოს. აგრეთვე, სითხეში ტელეფონის ჩაშვებაც დაუშვებელია, თუნდაც იგი წყალგაუმტარად ითვლებოდეს — დროთა განმავლობაში მოწყობილობის წყალგამძლე ბარიერები იშლება და დაცვა სუსტდება.
ეკრანი შეიძლება დააზიანოს ქაღალდის ხელსახოცებისა და უხეში ქსოვილების გამოყენებამაც, ამიტომ ეს რეკომენდებული არ არის. აღსანიშნავია ისიც, რომ მობილურის ზედმეტად ხშირი გაწმენდით შეიძლება უარესი შედეგი მივიღოთ - კერძოდ, ეკრანი ლაქებისა და დაზიანების მიმართ უფრო დაუცველი გავხადოთ.
გაწმენდის სიხშირესთან დაკავშირებით მკაცრი წესები არ არსებობს, მაგრამ რეკომენდებულია, ტელეფონი კვირაში ერთხელ მაინც გავწმინდოთ საფუძვლიანად. თუ მოწყობილობას საზოგადოებრივ ტრანსპორტში, საავადმყოფოში ან სხვა მაღალი რისკის გარემოში ხშირად იყენებთ, ჯობია იგი უფრო ხშირად გაიწმინდოს.
ჰიგიენის დაცვისას მხოლოდ ხელების დაბანაზე ფიქრი საკმარისი არ არის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღის განმავლობაში ყველაზე ხშირად სწორედ მობილურ ტელეფონებს ვეხებით, მისი სისუფთავე კი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი ფაქტორია.