თუ ნერვიულობთ, როგორ გაჩერდება თქვენი პირველკლასელი შვილი სკოლაში, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ

სკოლის მოსწავლე

რა უნდა იცოდეს მშობელმა და როგორ უნდა მოიქცეს მასწავლებელი, როდესაც ბავშვს სკოლაში გაჩერება უჭირს და საგნის მიმართ ინტერესი არ აქვს. ამ თემაზე გადაცემაში „პირადი ექიმი – მარი მალაზონია“ ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგმა, ნინო გოგიჩაძემ ისაუბრა:

„როდესაც ბავშვი სკოლაში მიდის, მან უნდა იცოდეს, რომ იქ სასურველია, რომ იქ კარგად მოეპყრობიან და ისეთ რამეს ასწავლიან, რომ წარმატებული იყოს. როგორც წესი, პირველ კლასში ასწავლიან იმას, რომ ბავშვმა თავისი სხეული აიძულოს, იჯდეს გაუნძრევლად გარკვეული დროის მანძილზე. სინამდვილეში ჩვენ უნდა ვასწავლოთ ბავშვს, გაიგოს რა ხდება მის სხეულში, უჭირს ასე ჯდომა თუ სხვაგვარად ურჩევნია. ამის არცოდნას მოჰყვება ხოლმე ის ფაქტორები, რომ ბავშვს უჭირს ერთ ადგილას გაუნძრევლად ჯდომა, ის ვერ ახდენს ყურადღების კონცენტრაციას, მერე ეს ბრალდება ხოლმე ბავშვს, მერე ოჯახს. არადა შეგვიძლია ეს ვასწავლოთ ბავშვს თავიდანვე, მაგალითად შეიძლება შევუცვალოთ სკამი, სადაც დისკომფორტი აქვს, გავასეირნოთ, დავათვალიერებინოთ წიგნები.

როცა ბავშვი შეგვყავს ავტორიტარულ გარემოში, სადაც მასწავლებელი თავად იღებს ყველა გადაწყვეტილებას, ის ვერ გრძნობს, რომ თავადაც საჭიროა ამ გარემოში. არადა ამ დროს პასუხისმგებლობა უნდა გადაინაწილოს ბავშვმა, გადაწყვეტილებების მიღება, იგივე სასწავლო პროცესთან დაკავშირებით, უნდა გადაინაწილოს ბავშვმაც. ასეთი გადაწყვეტილებები გადის, როგორც მისი ფსიქიკური ჯანმრთელობის, ასევე ფიზიკური კეთილდღეობის ხაზზე და სოციალურ წარმატებაზე.

აქ ყველა დეტალი მნიშვნელოვანია, თუნდა ელემენტარული, რატომ უნდა ჰქონდეს პირველ კლასელს ჩანთაში წყალი. უნდა იცოდეს ბავშვმა, რას ნიშნავს წყლის მიღება და რამდენად მნიშვნელოვანია ის.

დღეს სოციალური ცხოვრების მოლოდინები შეიცვალა, ამიტომ ბავშვმა უნდა ისწავლოს, როგორ შეძლოს, რომ ამხელა სტრესს თავი დააღწიოს,  ეს უნდა იყოს ყველა საგნის მასწავლებლის ამოცანა. მაგალითად, როგორ შეუძლია ეს გააკეთოს ფიზიკის მასწავლებელმა. მას შეუძლია ახნას, როგორ გამოვიმუშაოთ სტრესის მიმართ მედეგობა კაუჩუკის თვისებების მაგალითზე, როცა კაუჩუკი ეხება მექანიკურ ზედაპირს, ის მალევე ისევ აღიდგენს ფორმას. ეს ეხება ადამიანს, როცა ის ისტრესება, იცვლის ფორმას, მაგრამ აუცილებლად აღიდგენს ფორმას. ამიტომ აქ იკარგება დღეს ასე პოპულარული კითხვა, რას და რატომ ასწავლიან ამა თუ იმ საგანს. ამიტომ აქ კმაყოფილი დარჩება ყველა, რადგან ერთმანეთზე ზრუნვის მომენტი, აუცილებლად შედგება.“ – ამბობს ნინო გოგიჩაძე.