შიდა ქართლის პოლიციამ დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

პოლიციის სირენა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ერთი პირი თბილისში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ სახლსა და დამხმარე ნაგებობაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, მათ შორის: 5 პისტოლეტი, 1 რევოლვერი, 4 სანადირო თოფი, 2 „ვინჩესტერის“ ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და გადაჭრილი სანადირო თოფი. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი ათეულობით საბრძოლო ვაზნა და მჭიდები.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.