იტალიიდან საქართველოში დაბრუნებულ 76 წლის ემიგრანტ დედას შვილმა ქირით გადასვლა ურჩია
1748548480
29 მაისი ამაღლებაა - დღესასწაული, რომელსაც მართლმადიდებლები ვზეიმობთ.
ამონარიდი პატრიარქის 2009 წლის ქადაგებიდან:
"გოლგოთა, ჯვარცმა, აღდგომა და ამაღლება საოცრად დაკავშირებულია ერთმანეთთან; ეს არის ის გზა, რომელიც უნდა განვლოს ყოველმა ადამიანმა და ყოველმა ერმა. აღმოსავლურ ფილოსოფიაში ვკითხუ ლობთ: „ჰოი, მწუხარებავ, შენ საწყისი ხარ სიხარულისა და ჰოი, სიხარულო, შენ საწყისი ხარ მწუხარებისა“. ადამიანის ცხოვრება სულ ასეთი ცვალებადია, მაგრამ ამას არ უნდა შეუშინდეს ადამიანი. სიხარულის დროს ადამიანი არ უნდა მიეცეს განცხრომას, ხოლო მწუხარების დროს - სასოწარკვეთილებას.
მოციქულებს ჰქონდათ შესანიშნავი და საოცარი წესი: როცა ტრაპეზზე სხდებოდნენ ხოლმე, - აუცილებლად ტოვებდნენ ორ თავისუფალ ადგილს: ერთს მაცხოვრისთვის და ერთს ღვთისმშობლისათვის. მათ სწამდათ, რომ მაცხოვარი და ღვთისმშობელი უჩინრად მათთან იყვნენ. მოციქულების ეს ტრადიცია მთელ მსოფლიოში მარტოოდენ საქართველომ შეინარჩუნა, როცა ჩვენ ტრაპეზზე ვსხდებით, პირველი სასმისით უფალი იდიდება, ხოლო ბოლო სასმისი აუცილებლად ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელია. ეს ტრადიცია, სუფრის ეს კულტურა, არ აქვს არც ერთ სხვა ეკლესიას, არც ერთ სხვა ერსა თუ ქვეყანას."
***
ამ დღესასწაულის ტროპარ-კონდაკის წაკითხვის შემდეგ გაეცანით რა ცვლილებაა დილა-საღამოს ლოცვებში.
ტროპარი
ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო ჩუენო, და მხიარულ-ჰყვენ მოწაფენი აღთქუმითა მით სულისა წმიდისაჲთა, განამტკიცენ რა იგინი კურთხევითა მით, რამეთუ შენ ხარ ძე ღმრთისა, მხსნელი სოფლისა.
კონდაკი:
სრულ-ჰყავ რა ცხოვრება ჩუენი და ზეცისათა შეაერთენ ქუეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არა სადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად, და ეტყოდი საყუარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქვენთანა და ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
***
დილა-საღამოს ლოცვებში კი ამგვარი ცვლილებაა.
ლოცვებს ვიწყებთ "წმინდაო ღმერთო"-დან და ჩვეულებრივ განვაგრძობთ.
ნაცვლად "ღირს არს"-ისა იკითხება - ამაღლებიდან მის წარგზავნამდე (ამაღლების დღესასწაულის წინა საღამოდან სულთმოფენობის წინა პარასკევის დილის ჩათვლით) - "ადიდებს სული ჩემი ქუეყანით..." და "ჰშევ, ქალწულო..."
ასე გრძელდება სულთმოფენობამდე. სულთმოფენობის ლოცვების ცვლილებას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.