თავადის ქალის, ბარბარე ჯორჯაძის პასკის რეცეპტი, რომელიც დღესაც პოპულარულია

ბარბარა ჯორჯაძის პასკის რეცეპტი

დიდგვაროვანი თავადის ქალის, ბარბარე ჯორჯაძის რეცეპტები დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბევრი დიასახლისი მისი წიგნიდან სახელად „სრული სამზარეულო“ ხელმძღვანელობს. წიგნი პირველად 1874 წელს გამოიცა.

აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან ერთად, აქტუალურია სანდო და ნაცადი პასკის რეცეპტის პოვნაც. უცვლელად გთავაზობთ ბარბარე ჯორჯაძის ჩანაწერს იდეალური პასკისთვის:

“ერთი ფუთი ფქვილი გასცერით, გირვანქის სამი-მეოთხედი ხმელი და ახალი დროჟი გახსენით ნელ-თბილ წყალში, ფქვილი იმდენი მოუკიდეთ, რომ მაწვნის სისქე გახდეს. თავი დახურეთ, თბილ ალაგას დადგით.

ოცდაათი კრუჟკა რძე ქაფქაფით ჩაასხით დეშკაში, ან რაშიაც ცომს მოზილამთ, ცოტ-ცოტა ფქვილი ჩააყარეთ თან ურიეთ, რომ ზმულტლები გაიშალოს, ფქვილი იმდენი უნდა მოუკიდოთ, სანამ მაწვნის სისქე გახდება.

როცა განელდება და ნელთბილიღა იქნება, მაშინ ეს დროჟი ჩაასხით, მოურიეთ და კარგად დახურეთ, თბილ ალაგას დადგით სანამ კარგად გაგუვდება და ნახევრამდე ამოვა.

მანამ 150 კვერცხის გული 12 ან 14 გირანქა დანაყილ და გაცრილ შაქარში ისე ძალიან კარგად გათქვიფეთ რომ გათეთრდეს.

ცომი როცა გაფუვდება ეს გათქვეფილი კვერცხი შიგ ჩაასხით და კარგა მოურიეთ, დანარჩენი ფქვილიც ჩააყარეთ, ოღონდ სულ კი არ ჩააყაროთ, ფქვილი მოანარჩუმეთ, კარგად აურიეთ, თბილად დახურეთ და თბილ ალაგას დადგით, რომ კიდე გაფუვდეს.

როცა გაფუვდება 5 გირვანქა კარაქი გაადნეთ, გაწურეთ და თბილი დაასხით - 2 რუმკა რომი, დანარჩენი მასალაც ჩააყარეთ: ილი დანაყილი ათიოდე, ნახევარი ჯავზი, 20 წვეთი ლიმონის ზეთი, 2 სტოლის კოვზი მარილი, ან კიდე სხვა მასალა რაც გნებავთ.

შემდეგ დაზილეთ ძალიან, სამი საათი უნდა ზილოთ, ცომის დაზელაზედაც არის დამოკიდებული კარგი პასკის გამოცხობა, მერე თბილად დახურეთ, ალაგას დადგით.

როცა კიდევ კარგად გაფუვდეს და კარგად იმატოს, ფორმას წაუსვით ერბო, მოაყარეთ სუხარი, ცომი ჩადეთ ფორმაში ერთი მესამედი ფორმის, ნახევრად რომ ამოვიდეს ფეჩი გაახურეთ და როცა ერთი მეოთხედი აკლდეს ფორმას, მაშინ შედგით ფეჩში.

ერთი საათი და ნახევარი უნდა იდგეს ფეჩში. პატარა ჩხირით გასინჯეთ-თუ ჩხირს ცომი გამოჰყვა, აკლია გამოცხობა და თუ მშრალია ჩხირი-ეყოფა.

ვისაც ამდენის გამოცხობა არა სურს, გაყოს შუაზე.

მასალად საჭიროა: ფქვილი - ერთი ფუთი, რძე - 24 კრუჟკა, რომი - 2 რუმკა, ილი - 10 დანაყილი, ჯავზი - ნახევარი დანაყილი, დროჟი - გირვანქის სამი მეოთხედი, შაქარი - 12 გირვანქამდე, კარაქი - 5 გირვანქა, ლიმონის ზეთი - 20 წვეთი, მარილი 2 სტოლის კოვზი, კვეცხი - 130“.