შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს - მეცნიერებს ზუსტი პასუხი აქვთ

შხაპი

 შხაპის მიღება დილით ჯობია თუ საღამოს? ეს შეკითხვა უკვე დიდი ხანია დისკუსიის საგანს წარმოადგენს.

დილის მომხრეები ამბობენ, რომ შხაპის მიღება გაფხიზლებს და ახალი ენერგიით გავსებს დღის დასაწყისისთვის. საღამოს შხაპის ერთგულნი კი ამტკიცებენ, რომ უკეთესია "დღის ჭუჭყის ჩამობანა" და მოდუნება ძილის წინ.

დებატების მიუხედავად, აღმოჩნდა, რომ მეცნიერებას, კერძოდ კი მიკრობიოლოგიას ამ კითხვაზე მკაფიო პასუხი აქვს.

უპირველესად, მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ შხაპი ნებისმიერი კარგი ჰიგიენური რუტინის არსებითი ნაწილია, განურჩევლად იმისა, თუ როდის ამჯობინებთ მის მიღებას. ის გვეხმარება კანის ზედაპირზე დაგროვებული ჭუჭყისა და ცხიმის მოშორებაში, რაც აფერხებს გამონაყარსა და კანის ინფექციებს.

 აგრეთვე, შხაპი გვაშორებს ოფლს, რომელზეც ბევრს ჰგონია, რომ უსიამოვნო სუნს იწვევს, მაგრამ სინამდვილეში ის გამოწვეულია კანის ზედაპირზე მცხოვრები ბაქტერიებით. ეს კანის ბაქტერიები, კერძოდ სტაფილოკოკები, ოფლს საკვებად იყენებს. როდესაც ისინი ოფლს შლიან, გამოიყოფა გოგირდშემცველი ნაერთი – თიოალკოჰოლი (RSH), რომელიც ქმნის იმ მძაფრ, უსიამოვნო სუნს.

დღის განმავლობაში სხეულზე და თმაში აუცილებლად გროვდება დამაბინძურებლები და ალერგენები, ოფლთან და ცხიმებთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი ტანსაცმელში დარჩება, დანარჩენი აუცილებლად გადავა თქვენი საწოლის თეთრეულზე — მათ შორის ბალიშებსა და გადასაფარებლებზე.

ასევე, კანის ზედაპირზე გამოყოფილი ოფლი და ცხიმი ხელს უწყობს კანის მიკრობიომის, ანუ კანის ბუნებრივი ბაქტერიების ზრდას. ეს ბაქტერიებიც შეიძლება გადავიდეს სხეულიდან თეთრეულზე. შესაბამისად, საღამოს შხაპს შეუძლია დღის განმავლობაში დაგროვებული ოფლის, ცხიმის და ალერგენების ნაწილობრივ მოშორება, რაც ნაკლებად დააბინძურებს თქვენს საწოლს.

მიუხედავად იმისა, თუ რამდენად სუფთად დაწვებით დასაძინებლად, ღამით მაინც გამოიყოფა ოფლი, არ აქვს მნიშვნელობა ტემპერატურას. თქვენი კანის ბაქტერიები ისევ მოიხმარს ოფლში არსებულ ნივთიერებებს. ამიტომ დილით გაიღვიძებთ როგორც სხეულზე, ასევე საწოლზე დაგროვებული მიკრობებით და სავსებით შესაძლებელია, უსიამოვნო სუნითაც.

საღამოს შხაპის სისუფთავეს განსაკუთრებით აზრს უკარგავთ, თუ თქვენი თეთრეული რეგულარულად არ იწმინდება. საწოლში დაგროვებული მიკრობები შეიძლება ძილის დროს გადავიდეს თქვენს ახლად დაბანილ სხეულზე.

საღამოს შხაპი ასევე ვერ აფერხებს კანის მკვდარი უჯრედებისგავრცელებას. ეს უჯრედები შესაძლოა გახდეს მტვრის ტკიპების საკვები, რომელთა ნარჩენები იწვევს ალერგიას და ამძაფრებს ასთმას. თუ რეგულარულად არ რეცხავთ თეთრეულს, დაგროვდება მკვდარი უჯრედები, რაც კიდევ უფრო გაზრდის მტვრის ტკიპების რაოდენობას. მათი ფეკალური ნივთიერებები კი ხელს უწყობს ალერგიების გაძლიერებას.

 დილის შხაპი, თავის მხრივ, ეხმარება კანის მკვდარი უჯრედების, ოფლისა და ბაქტერიების მოშორებას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ საწოლის თეთრეული სუფთა არ იყო მაშინ, როცა დაწექით.

დილის შხაპის მიღებისას თქვენი სხეული უფრო სუფთაა ღამით შეძენილი ბაქტერიებისგან და ახალ ტანსაცმელსაც სუფთა კანზე იცვამთ. ასევე, დილით ნაკლები ოფლი გაქვთ, რაც ნიშნავს, რომ ბაქტერიებს ნაკლები საკვები ექნებათ, შესაბამისად, უსიამოვნო სუნიც გაქრება.

საღამოს შხაპი ნამდვილად გვეხმარება დღის ჭუჭყისა და ოფლის ჩამობანაში, მაგრამ შესაძლოა დილით ისევე სუფთად აღარ იგრძნოთ თავი. სწორედ ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, მიკრობიოლოგების ნაწილი, დილის შხაპს ანიჭებენ უპირატესობას.

რა თქმა უნდა, არჩევანი თქვენზეა. რაც არ უნდა აირჩიოთ, გახსოვდეთ, რომ შხაპის ეფექტურობა დამოკიდებულია თქვენს ზოგად ჰიგიენურ პირობებზე. მნიშვნელოვანია, რეგულარულად რეცხოთ თეთრეული, რათა მოიშოროთ ოფლი, ბაქტერიები, მკვდარი კანის უჯრედები და ცხიმი.