ლილოს დასახლებაში დაკარგული ბავშვი მშობლებს ეძებს
1748714102
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში იელის უნივერსიტეტის (აშშ) საერთაშორისო საგუნდო მუსიკის საღამო გაიმართა. KIU-ში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მოესმინათ იელის გუნდისთვის, რომელიც მაყურებლის წინაშე განსაკუთრებული რეპერტუარით წარდგა. სცენაზე გაჟღერდა ქართული და სხვადასხვა ქვეყნის ფოლკლორული სიმღერები, ამერიკელი პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების შესრულებით.
საღამო გახსნა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტურმა კაპელამ (KIU Capella). კონცერტში ასევე მონაწილეობდნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორული ანსამბლი „ადილა“ და ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი.
შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, პროფესორმა პაატა ტურავამ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ, ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე გაჩეჩილაძემ და იელის უნივერსიტეტის გუნდის საქართველოში ვიზიტის ორგანიზატორმა, მუსიკათმცოდნე ჯონ გრემმა. ღონისძიება, რომელსაც განათლების და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ, სრული ანშლაგით ჩატარდა.
KIU-ში მნიშვნელოვანია სტუდენტებისთვის შემოქმედებითი, ინტერესებზე მორგებული კულტურულ-სპორტული პროექტების განხორციელება, ახალგაზრდებისთვის თავისუფალი დროის საინტერესოდ გატარების შესაძლებლობის შექმნა. მათ შორისაა ერთ-ერთი წარმატებული პროექტი - KIU კაპელა, რომელიც ფესტივალებზე დიდი პოპულარობით სარგებლობს და არაერთი კონკურსის გამარჯვებულია.
აღსანიშნავია, რომ უახლოეს მომავალში KIU აქტიურ თანამშრომლობას იწყებს საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავთან“ და ანზორ ერქომაიშვილის სახელობის საქართველოს ხალხური სიმღერის ანსამბლ „მართვესთან“. ამ თანამშრომლობის ფარგლებში, KIU-ს ბაზაზე შეიქმნება ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ხალხური სიმღერის შემსწავლელი სტუდია, რომელიც სტუდენტებს შესანიშნავ შესაძლებლობას მისცემს, გაეცნონ და გაიღრმავონ ცოდნა ქართული ფოლკლორის მიმართულებით.
ცნობისთვის, იელის უნივერსიტეტი შტატებში სიძველით (1701 წელს დაარსდა ნიუ-ჰეივენში, კონექტიკუტში), მესამე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. დიდი ისტორიის მქონე უნივერსიტეტის საერთაშორისო მუსიკალური გუნდი დაკომპლექტებულია როგორც მოქმედი სტუდენტებითა და პროფესორ-მასწავლებლებით, ისე კურსდამთავრებულებით. აღსანიშნავია, რომ ამ გუნდს საქართველოსთან თანამშრომლობის რამდენიმე ათეული წელი აკავშირებს.
იელის უნივერსიტეტის (აშშ) საგუნდო მუსიკის საღამო KIU-ში ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ასევე ანსამბლ „რუსთავის“ აქტიური ჩართულობით გაიმართა.