1794829587
როგორ შევარჩიოთ ტკბილი მანდარინი - სპეციალისტის რჩევა
მანდარინის კაშკაშა ნარინჯისფერი კანი ჯერ კიდევ არ იძლევა გარანტიას, რომ ნაყოფი ტკბილი იქნება, ხოლო ყუნწზე შერჩენილი მწვანე ფოთოლი სულაც არ მიუთითებს მის სიახლეზე. ციტრუსის შერჩევისას ყურადღება უნდა მივაქციოთ სურნელს, წონასა და კანის მდგომარეობას. როგორ ავიცილოთ თავიდან შეცდომა მანდარინის შეძენისას — ამის შესახებ სპეციალისტები გვირჩევენ.
მანდარინის შეძენისას, პირველ რიგში, მის საერთო იერსახეს დააკვირდით. ნაყოფი მწიფე და დაუზიანებელი უნდა იყოს. არ შეიძინოთ მანდარინი, რომელსაც დაზიანებული კანი, მუქი ლაქები ან მოყავისფრო ბადისებრი ნადები აქვს. ასევე მოერიდეთ ნაყოფს რბილი, გამუქებული ან გათეთრებული უბნებით.
კანის დარბილება ხშირად არასწორ შენახვაზე, მათ შორის, ზედმეტად დაბალ ტემპერატურაზე შენახვაზე მიუთითებს. ასეთ შემთხვევაში მანდარინი წყლიანდება და გემოს კარგავს. კატეგორიულად არ არის რეკომენდებული ობიანი ნაყოფის შეძენა. ექსპერტები გვირჩევენ, თავი შევიკავოთ იმავე ყუთში მოთავსებული სხვა მანდარინების ყიდვისგანაც, რადგან ობის სოკოს სპორები მეზობელ ნაყოფზეც ადვილად ვრცელდება, მაშინაც კი, თუ ისინი გარეგნულად ჯანსაღად გამოიყურება.
მანდარინის სიმწიფის განსაზღვრაში მისი სურნელი, წონა და კანის მდგომარეობა დაგვეხმარება. მწიფე ნაყოფი, როგორც წესი, უფრო წვნიანი და მძიმეა, ვიდრე მკვახე, ხოლო მისი კანი რბილობისგან ადვილად სცილდება. გადამწიფებული მანდარინი კი, პირიქით, შრება, მაგრდება, იჭმუჭნება და წონას კარგავს.
მხოლოდ ფერზე ორიენტირება არ ღირს. ტრანსპორტირების გასაადვილებლად მანდარინებს ხშირად ჯერ კიდევ მომწვანო მდგომარეობაში კრეფენ, ზოგიერთი ჯიში კი დამწიფების შემდეგაც ნაწილობრივ მწვანე შეფერილობას ინარჩუნებს. ამიტომ კაშკაშა ნარინჯისფერი ფერი სიტკბოს გარანტია არ არის, ისევე როგორც მომწვანო შეფერილობა აუცილებლად მჟავე გემოს არ ნიშნავს.
არ უნდა შეგვაშინოს ნაყოფზე ცვილისებრი საფარის არსებობამაც. მწარმოებლები მას ხილის გარეგნული იერსახის შესანარჩუნებლად და ტრანსპორტირებისა თუ შენახვის დროს ობისგან დასაცავად იყენებენ. საკვები ცვილი თავისთავად უსაფრთხოა. თუმცა, მოხმარებამდე მანდარინი აუცილებლად კარგად უნდა გაირეცხოს.
მწარმოებლის მიერ ხარისხისადმი ყურადღებიანი დამოკიდებულების არაპირდაპირი ნიშანი შეიძლება ნაყოფის დახარისხებაც იყოს. თუ ყუთში მოთავსებული მანდარინები ზომითა და შეფერილობით დაახლოებით ერთნაირია და დაზიანებული ნაყოფი არ გვხვდება, სავარაუდოდ, ისინი შეფუთვის ეტაპზევე შეარჩიეს.
ექსპერტების რჩევით, თუ ტკბილი მანდარინი გიყვართ, უმჯობესია, ის სეზონის შუა პერიოდში, ზამთარში შეიძინოთ.
ოქტომბრისა და ნოემბრის დასაწყისის პირველ პარტიებში შესაძლოა ჯერ კიდევ მოუმწიფებელი და მჟავე ნაყოფი შეგხვდეთ. ყველაზე ტკბილ ჯიშებს შორის სპეციალისტები მურკოტს, უნშიუსა და კლემენტინებს ასახელებენ. მურკოტი ძირითადად პერუდან, ბრაზილიიდან და თურქეთიდან შემოდის. თუმცა სასურველი გემოსა და უკურკო მანდარინის პოვნა ხშირად რამდენიმე ჯიშის გასინჯვას მოითხოვს.
მანდარინის შესანახად რეკომენდებულია +6-დან +10 გრადუსამდე ტემპერატურა. ჩვეულებრივ მაცივარში ასეთი პირობების უზრუნველყოფა ყოველთვის ვერ ხერხდება, ხოლო ზედმეტმა სიცივემ შესაძლოა ნაყოფი დააზიანოს და მისი გემო გააუარესოს. თუ მაცივარში შესაბამისი ტემპერატურის ზონა არ გაქვთ, უმჯობესია, მანდარინი სახლში გრილ ადგილას შეინახოთ და დიდი რაოდენობით წინასწარ არ შეიძინოთ.









