როგორ განვასხვაოთ დასჯა ძალადობისგან - „შესაძლოა, ემოციის მართვა გამიჭირდეს, მაგრამ ქცევის მართვის პასუხისმგებლობა, როგორც ზრდასრულს, მაქვს გაცილებით მეტი, ვიდრე ბავშვს“

ჩაკიდება

როგორ განვასხვაოთ ძალადობა აღზრდისგან - თემის შესახებ ბავშვთა ფსიქოლოგმა, ზანდა ჩიჩელაშვილმა "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ისაუბრა.

როგორც ფსიქოლოგი აღნიშნავს, ყველაფერი, რაც ბავშვს შეურაცხყოფს, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ტკივილს აყენებს და ამცირებს, არის ძალადობა.

მისვე თქმით, ზრდასრულს, შესაძლოა, ემოციები გაუჩნდეს და ეს გასაგებია, თუმცა ის, როგორც ზრდასრული, ვალდებულია, რომ ბავშვის წინაშე ქცევები აკონტროლოს.

"მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ათწლეულია განსაკუთრებით აქტიურად ვსაუბრობთ იმაზე თუ რა არის ძალადობა, მაინც ბოლომდე კარგად არ გვესმის რით განსხვავდება დასჯა ძალადობისგან.

ნებისმიერი აქტი, რომელიც ბავშვს ან შეურაცხყოფს, ტკივილს ან ზიანს აყენებს, იქნება ეს ემოციური, მორალური თუ ფიზიკური, ეს უკვე არის ძალადობა. ბავშვის მიმართ განხორციელებული აქტი თუ მისთვის შეურაცხმყოფელია, მისთვის დამამცირებელია, მისთვის მტკივნეულია, როგორც ემოციურად, ასევე ფიზიკურად, ეს უკვე ითვლება ძალადობად.

აღზრდა, ჩარჩო, წესი, დისციპლინა ძალიან მნიშვნელოვანია. დისციპლინის გარეშე ყველაფერი გვიჭირს, ნებისმიერ ასაკში და რაც უფრო პატარა ხარ, მით უფრო მეტად გჭირდება ეს დისციპლინა, წესები, ჩარჩო და ორგანიზებულობა. მშობელი მიმართულებას  გაძლევს თუ როგორ უნდა იქცეოდე, იმიტომ, რომ კონტროლის განცდა გაქვს სამყაროზე, იცი რა შემთხვევაში რა შეიძლება მოხდეს, იცი შენგან რას ელიან, მაგრამ როდესაც ეს ისეთი მეთოდებით არის ბავშვისთვის დასწავლილი, რომ მას შეურაცხყოფას აყენებ, ამცირებ, ატკენ, ეს მიუღებელია, მერე ეს ყველაფერი თვითშეფასებაზე აისახება.

ძალიან ხშირად მომისმენია ფრაზები - "რამდენჯერმე მშვიდად რომ ვეტყვი მერე მდგომარეობიდან გამოვდივარ და ერთი-ორჯერ მეც წამომირტყამს". თითქოს, მშობლის ემოცია გასაგებია, მაგრამ შენ როგორ იქცევი, ეს უკვე აღარ არის გასაგები. მშობელიც შეიძლება გრძნობდეს თავს შეურაცხყოფილად, პედაგოგიც შეიძლება გრძნობდეს თავს დამცირებულად, ნებისმიერი ემოცია მისაღებია რასაც განვიცდით, მაგრამ ამ ემოციის შემდეგ მე როგორ ვრეაგირებ ბავშვის წინაშე, აი, აქ უკვე ყველაფერი მისაღები არ არის.

შესაძლოა, ემოციის მართვა გამიჭირდეს, მაგრამ ქცევის მართვის ვალდებულება და პასუხისმგებლობა, მე როგორც ზრდასრულს, მაქვს გაცილებით უფრო მეტი, ვიდრე ბავშვს", - განაცხადა ზანდა ჩიჩელაშვილმა.