„გაუზიარეთ თქვენს ნაცნობებს, ვინც ღელავს თავის ჯანმრთელობაზე და ეშინია სიმსივნეების“ – გასტროენტეროლოგის რჩევები

დაბლოკეს ცილა, რომელიც კიბოების 75 პროცენტის გავრცელებას უწყობს ხელს

გასტროენტეროლოგი ჯაბა ზარქუა სიმსივნის ცნობიერების ამაღლების თვესთან დაკავშირებით მნიშვნელოვან განმარტებას აქვეყნებს. ექიმი წერს, რომ „ზოგად გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში სიმსივნეები იშვიათია, თუმცა მისი შიში ძალიან  ხშირი“, ამიტომ გასტროენტეროლოგი პაციენტებს მოუწოდებს, შიშის ნაცვლად მეცნიერულ ფაქტებს დაეყრდნონ. მისი თქმით, გაზვიადებული მოლოდინები ხშირად იწვევს ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუარესებას და არასაჭირო სამედიცინო ხარჯებს, მაშინ როცა რეალური რისკები სტატისტიკურად ბევრად დაბალია.

„კიბოს ცნობიერების ამაღლების თვეა და ძალიან მნიშვნელოვან რამეს მინდა შევეხო, რითიც შეიძლება ბევრი ადამიანის შფოთვა მოიხსნას - გაუზიარეთ თქვენს ნაცნობებს ვინც ღელავს თავის ჯანმრთელობაზე და ეშინია სიმსივნეების.

ზოგად გასტროენტეროლოგიურ პრაქტიკაში სიმსივნეები იშვიათია, თუმცა მისი შიში ძალიან ხშირი. მე მინახავს არაერთი პაციენტის განადგურებული ცხოვრება სიმსივნის შიშისა და მასთან ასოცირებული ქცევების გამო, დაკარგული დრო, დახარჯული ფინანსები, გაუთავებელი სიარული ექიმებთან, წამლების დაუსრულებელი მოხმარება... ეს ყველაფერი კი იმიტომ რომ ან ცუდი გამოცდილება ჰქონდა ადამიანს (სიმსივნე დაემართა მის ახლობელს) ან უბრალოდ ვიღაცეებმა შეაშინეს (ეს სცენარი უფრო ხშირია - სრული პასუხისმგებლობა ერთმანეთის დაზაფვრაზე დაგეშილ სოციუმს, არამარტო ექიმებს!).

მოდით, შიშებს დავუპირისპიროთ მეცნიერება და ვნახოთ რა შანსია დაგვემართოს სიმსივნე, როცა რამე გასტროენტეროლოგიური პრობლემა გვაქვს.

მაშ ასე (ორგანოების მიხედვით):

1. საყლაპავი

ბარეტის საყლაპავი (არადისპლაზიური) - 0.12-0.33% წლიური რისკი

ბარეტის საყლაპავი (დაბალი ხარისხის დისპლაზია) - 0.4% წლიური რისკი

ბარეტის საყლაპავი (მაღალი ხარისხის დისპლაზია) - 6% წლიური რისკი

აქალაზია - ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის ზოგადი ინციდენტობა 0.15%

2. კუჭი

ჰელიკობაქტერიული ინფექცია - 2.9% კუჭის ადენოკარცინომის რისკი

ქრონიკული ატროფიული გასტრიტი - 0.1-1.0% წლიური რისკი

კუჭის ინტესტინური მეტაპლაზია - 0.25% წლიური რისკი

კუჭის პოლიპები (ფუნდუსის ჯირკვლის პოლიპები, ჰიპერპლასტიური პოლიპები) - თითქმის არ აქვთ რისკი

3. წვრილი ნაწლავი

ცელიაკია - ლიმფოპროლიფერატიული სიმსივნეები 2.8-3.1-ჯერ მეტი ვიდრე ზოგად პოპულაციაში

კრონის დაავადება (წვრილი ნაწლავის) - 4-20-ჯერ მომატებული რისკი ზოგად პოპულაციასთან შედარებით (თუმცა ზოგად პოპულაციაში ეს რისკი უკიდურესად მცირეა)

4. მსხვილი და სწორი ნაწლავი

ადენომატოზური პოლიპი (ზოგადად) - 0.25% წლიური რისკი

წყლულოვანი კოლიტი (10-30 წელიწადში) - 2-18% რისკი, შესაბამისად

წყლულოვანი კოლიტი PSC-თან ერთად - 10 წელიწადში 9% რისკი

5. ღვიძლი

C ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი - 3-5% წლიური რისკი

B ჰეპატიტით გამოწვეული ციროზი - 3-8% წლიური რისკი

B ჰეპატიტი ციროზის გარეშე - 0.4-0.6% წლიური რისკი (ზოგიერთ ჯგუფში)

PBC-თი გამოწვეული ციროზი - 3-5% წლიური რისკი

PSC - მთელი ცხოვრების დაგროვებითი რისკი 6-13%

6. ნაღვლის ბუშტი

ნაღვლის ბუშტის კენჭები (>3 სმ-ზე ან სიმპტომური) - 1-3% რისკი

ნაღვლის ბუშტის პოლიპები (>1 სმ-ზე) - >10% რისკი

7. პანკრეასი

გვერდითა სადინრის IPMN - 18% რისკი

მთავარი სადინრის IPMN - 64% რისკი

მემკვიდრული პანკრეატიტი (PRSS1 მუტაცია) - 25-40% რისკი 70 წლის ასაკისათვის

ქრონიკული პანკრეატიტი (ზოგადად) - 4% რისკი

8. ანალური არხი

პაპილომავირუსთან ასოცირებული ანალური ინტრაეპითელური დაზიანება (მაღალი ხარისხის დისპლაზიით) - 8.2-9.5% 5 წლიანი რისკი“,- წერს ექიმი.