არაპროგნოზირებადი დაავადებაა და შეიძლება, თავს მოულოდნელად დაგვატყდეს... - ექიმის გაფრთხილება

თავბრუხვევა

ნეიროოტოლოგი, პროფესორი ეკა ხარხელი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რატომ შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვემართოს და რა პრობლემებს იწვევს ეს:

„ესეც ერთ-ერთი არაპროგნოზირებადი დაავადებაა და შეიძლება, თავს მოულოდნელად დაგვატყდეს. განსაკუთრებით ფიზიკური გადაღლის შემდგომ. სადღესასწაულო დღეებში ვიტვირთებით, ვაკეთებთ გენერალურ დასუფთავებას, თუნდაც ფარდის დაკიდების დროს, ან თაროდან გარკვეული საგნების ჩამოღების დროს, შეიძლება, პოზიციური თავბრუსხვევა დაგვეწყოს, რომელსაც აუცილებლად ტრიალის ხასიათი აქვს.

თავის ზემოთ-ზემოთ მოძრაობისას, ან საწოლში გვერდზე გადაბრუნებისას, წამოდგომისას მოულოდნელად ტრიალის შეგრძნება გვეწყება. გააჩნია, როგორი ფორმის პოზიციური თავბრუსხვევა გვაქვს.

შეიძლება, რამდენიმე წამიდან 1 წუთამდე გაგრძელდეს, ან კიდევ გახანგრძლივებული ხასიათის იყოს, თუ კრისტალები გარკვეულ ადგილასაა მიწებებული და გრავიტაციის ზემოქმედების გამო, მუდმივ ზემოქმედებას იწვევს. შესაბამისად, ვისაც აქვს გამოცდილება და იცის, რა სჭირს, ან თუ არ იცის, აქვს იმის მოლოდინი, რომ თავის აწევაზე შეიძლება თავბრუ დაეხვეს, უნდა გაფრთხილდეს და გარკვეულ ქმედებებს მოერიდოს. იმიტომ, რომ ყველაზე ხშირად უეცარი დაცემის შეგრძნება ახლავს. შესაბამისად, მოტეხილობები და სრულიად არასასურველი შედეგი მოაქვს. ადამიანი მოწყვეტით ეცემა.“ - ამბობს ექიმი.