"არ დაუჯეროთ იმათ, ვინც განიკითხავს" - წმინდა მამები განკითხვის შესახებ

gankitxva

განკითხვა "ყოველდღიურ" ცოდვებს შორის ერთ-ერთი წამყვანი ცოდვაა. მის მოსაშორებლად დღენიადაგ უნდა ვზრუნავდეთ. წმინდა მამების მოსაზრებები განკითხვის შესახებ.

"განკითხვა გადაჭრით უნდა შეწყვიტოთ. მოინანიეთ მოძღვრის წინაშე... ვინც სხვას განიკითხავს, იმას ღვთის მადლი ტოვებს. განმკითხველი საკუთარი თავის მტრად იქცევა.

ნამდვილად ძნელად მოსაშორებელი ჩვევაა. როდესაც თქვენს ბრალეულობას გააცნობიერებთ, განუწყვეტლივ საკუთარი თავი დაიდანაშაულეთ და უფლის წინაშე მოინანიეთ; წესად აქციეთ, რომ შეიბრალოთ ცოდვილნი და ილოცოთ მათთვის ღვთის წინაშე; ღმერთი წყალობას მოიღებს და მიეჩვევით, რომ არ განიკითხოთ.

განკითხვის შემთხვევები მთელ შინაგან სამყაროს ანადგურებენ.

განკითხვა თვითკმაყოფილებისაგან იშვება და მისგანვე საზრდოობს. ერთიცა და მეორეც გვიჩვენებს, რომ "საკუთარი მე" მოძლიერებულია... მოახერხეთ, რომ როგორმე დაასუსტოდ ის. როდესაც განკითხვით შესცოდავთ და სინდისი დაგტანჯავთ, გაიაზრეთ, როგორ მიხვედით აქამდე. და თუ ისევ ამოხეთქავს ეს ცოდვა, ისევ იგივე გააკეთეთ, და ასე, გამუდმებით, საკუთარ თავს დაუწესეთ ამგვარად მოიქცეთ, რათა საქმეების გარჩევამდე არ მიხვიდეთ. საკმარისია ერთი–ორჯერ ამგვარად მოიქცეთ და თავი შეიკავოთ და დაინახავთ, რომ შემდგომში გაგიადვილდებათ. ჩვეულებრივ, ეს მაშინ ხდება, როდესაც ჭორიკანას ეწვევით, მათთან სიახლოვისას თავადაც ჭორიკანა ხდებით. ამიტომ მათთან შეხვედრამდე მოემზადეთ, რომ მათი ბოროტი საუბრების გავლენის ქვეშ არ მოექცეთ, ამისთვის საკუთარ თავში ღვთის შიში გააცოცხლეთ და გაიხსენეთ, რომ გამუდმებით მის წინაშე დგახართ, ვის საამებლადაც მოშურნეობთ.

განკითხვა არა მხოლოდ სიტყვით აღესრულება, არამედ გულის შინაგანი მოძრაობითაც. როგორც კი ვინმეს შესახებ ფიქრისას სული კეთილად არ არის განწყობილი, უკვე განიკითხავთ. მომავალში გაფრთხილდით!

ცოდვა მაშინ იწყება, როდესაც რაიმე ცუდი საქციელის გამო ადამიანის მიმართ გულში ზიზღი ჩნდება. განსჯა შესაძლებელია უბრალოდ, რაიმე განაჩენის გამოტანის გარეშე, და თუ გულში ამავდროულად სიბრალულიც ჩნდება ცოდვილის მიმართ, სურვილი მისი გამოსწორებისა და ლოცვა მისთვის, მაშინ ეს იქნება არა განკითხვის ცოდვა, არამედ სიყვარულის საქმით აღსრულება.

განკითხვის ცოდვა უფრო მეტად გულშია და არა ენაზე. სასწრაფოდ საკუთარი თავის განკითხვასა და დამდაბლებაზე გადასვლაა საჭირო.

თავის ქება და განკითხვა – ორი ყველაზე ჩვეულებრივი რამაა ჩვენთვის. ცბიერი გული თავისთავად სისაძაგლეა, რომელიც გაჰყვირის: „რამეთუ არა ვარ ისეთი, ვითარცა სხუანი“ (ლუკ. 18: 11) და ამის იმდენი გამოვლინება არსებობს, რომ ვერც ჩამოთვლი. მეტი გულმოდგინებითა და ყურადღებით იშრომეთ საკუთარი თავის განსამტკიცებლად და თავად დაინახავთ თუ როგორი საუნჯეა ჩვენი გული.

 და საერთოდ, წესად იქონიეთ, რომ არ დაუჯეროთ იმათ, ვინც განიკითხავს. ერთ ბერთან ვიღაც მივიდა და მეორე ადამიანის შესახებ დაიწყო ცუდად საუბარი. ბერმა ჰკითხა: „საიდან იცი ამის შესახებ?“ მან უპასუხა: „ერთმა კეთილმა ადამიანმა მიამბო“. ბერმა კი მიუგო: "არა, კეთილი არ იყო, კეთილი რომ ყოფილიყო, ცუდს არ იტყოდა სხვის შესახებ". ასევე უნდა მოვიქცეთ ჩვენც. ღმერთმა გვაშოროს ცოდვის ცქერა, ყურსაც არ ვენდოთ და სულიც უბიწო იქნება. განკითხვის ცოდვას როგორღა მოვექცეთ? როგორც კი სხვების შესახებ მსჯელობას მათ მიმართ ზიზღი ერთვის და არა ძმური მწუხარება და მათი ღირსების დაცვის სურვილი, ეს არის განკითხვა ანუ უდიდესი ცოდვა! ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავს."

წყარო: orthodox.ge