5 ნიშანი იმისა, რომ ტოქსიკურ ურთიერთობაში ხართ

ტოქსიკური ურთიერთობა

თქვენი პარტნიორის გვერდით გამუდმებით ნეგატიური ატმოსფეროა? ცდილობს თუ არა გადაჭარბებულ კონტროლს? ზედმეტად ეჭვიანია ან მესაკუთრე?

თუ რომელიმე ამ კითხვაზე პასუხი არის „დიახ“, არსებობს შანსი, რომ თქვენი ურთიერთობა ტოქსიკური იყოს.

დოქტორ ლილიან გლასი, ამერიკელი კომუნიკაციისა და ფსიქოლოგიის ექსპერტი ამბობს, რომ ტერმინი „ტოქსიკური ურთიერთობა“ 1995 წელს გამოიგონა  და განსაზღვრა როგორც „ნებისმიერი ურთიერთობა, სადაც [ადამიანებს შორის, რომლებიც] ერთმანეთს არ უჭერენ მხარს, სადაც ხშირი კონფლიქტია და ძირს უთხრიან მეორეს, სადაც არის კონკურენცია, უპატივცემულობა და შეუსაბამობა“.

იმის მიუხედავად, რომ ურთიერთობის ტოქსიკურობა შორიდან ხშირადაა თვალშისაცემი, პარტნიორები ზოგჯერ მანიპულირებენ, ამიტომ ასეთი კავშირის მქონე ადამიანებს განსაკუთრებული დაკვირვება სჭირდებათ იმის გასააზრებლად, როდის და რატომ უნდა გადაწყვიტონ დაშორება.

„ჯანსაღი ურთიერთობა თანასწორობასა და ურთიერთპატივისცემას ემყარება, არაჯანსაღი ან ტოქსიკური კი — ძალაუფლებასა და კონტროლს", — აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი კატარინა არგერი.

გთავაზობთ ხუთ გავრცელებულ ქცევას, რომელიც შეიძლება მიუთითებდეს, რომ თქვენი პარტნიორი ტოქსიკურია:

1. არაკეთილგანწყობილი კომუნიკაცია

უთანხმოება ნებისმიერ ურთიერთობაში ხდება, თუმცა, გასათვალისწინებელი აქ ის არის, თუ რა ფორმით გამოხატავს პარტნიორი თავის განსხვავებულ პოზიციას.

ურთიერთობების ფსიქოთერაპევტის, დარსი სტერლინგის თქმით, ზიზღნარევი კომუნიკაცია ან პარტნიორის მხრიდან უფროსობა ჯანსაღი ურთიერთობების უმთავრესი მტერია. ეს იმაზე მიანიშნებს, რომ პარტნიორი საუბარში ყოველთვის ერთი საფეხურით მაღლა დგომას ან "ბოლო სიტყვის" თქმას ცდილობს.

სტერლინგი დასძენს, რომ მწვავე კამათისას ადამიანმა შეიძლება ისეთი რამ თქვას, რასაც სულაც არ გულისხმობდა, მაგრამ თუკი პარტნიორი მუდმივად ტოქსიკურად იქცევა მსგავს სიტუაციაში, ეს ცუდის ნიშანია.

ტოქსიკურად მოქცევა კი "სიტყვიერად დამცირებას, წარსულის უსიამოვნებების გახსენებას, პარტნიორის (და არა პარტნიორის საქციელის) გაკრიტიკებას და დაშორებით მუქარას" გულისხმობს.

2. მეტისმეტი სიფრთხილე და იმის განცდა, რომ ბეწვის ხიდზე დადიხარ

"თუკი ყოყმანობ, ღირს თუ არა რაღაცის გაზიარება პარტნიორისთვის, რადგან ამან შეიძლება ის გააღიზიანოს, ეს ურთიერთობის ტოქსიკურობაზე მიანიშნებს", — აცხადებს სტერლინგი.

ტოქსიკური პარტნიორის ამგვარმა სახემ დანაშაულის განცდა შეიძლება შენ გაგიჩინოს და გაგრძნობინოს, რომ ურთიერთობაში თავადვე ხარ პრობლემა. ესეც გაკონტროლების ერთ-ერთი ტაქტიკაა.

ამისგან განსხვავებით, ჯანსაღ ურთიერთობაში, ადამიანები ყოველთვის გულღიად საუბრობენ და არ ეშინიათ, რომ თუკი შემთხვევით რაიმე განუზრახველს იტყვიან, პარტნიორი ამას მათ წინააღმდეგ მიმართავს.

3. როცა მხარდაჭერას ყოველთვის გასცემ და არასდროს იღებ

გაცვეთილი ფრაზა რომ გამოვიყენოთ, ურთიერთობა ორმხრივი გზაა და მხარდაჭერაც ორივე მიმართულებით უნდა მოძრაობდეს.

„არ შეიძლება, ერთის საჭიროებები ყოველთვის მეორის ინტერესების ხარჯზე კმაყოფილდებოდეს“, — ამბობს ფსიქოთერაპევტი ჯენი მარი ბატისტინი, — „და თუკი გრძნობთ, რომ თქვენი ინტერესები ყოველთვის პარტნიორის ინტერესებს ეწირება, ან ყოველთვის გვერდზეა ჩაჩოჩებული, ეს სწორედაც რომ ტოქსიკურ ურთიერთობაზე მიანიშნებს“.

4. თქვენ ამართლებთ მათ ცუდ საქციელს 

ტოქსიკური ურთიერთობების მქონე ადამიანები ხშირად ამართლებენ პარტნიორის ცუდ ქცევას. ისინი გამუდმებით ხსნიან მავნე სიტყვებსა და ქმედებებს იმით, რომ ადამიანი უბრალოდ დასტრესილია ან რთული პერიოდი აქვს. 

5. ცვლილებების შიში და არაპროდუქტულობა

როდესაც მიზნად ისახავთ საკუთარი თავის გაუმჯობესებას და ამ ფაქტს ცინიკურად უდგენია, ან არ სჯერათ შენი შესაძლებლობების. არ ცდილობენ წახალისებას და ზედმეტიია საუბარი მხარდაჭერაზე. 

როგორ დავასრულოთ ურთიერთობა უმტკივნეულოდ

ეს, რა თქმა უნდა, სათქმელად ადვილია. დასაწყისისთვის, სჯობს, საქმის კურსში ახლობელი ადამიანები ჩააყენოთ — ისინი, ვისი იმედიც შეიძლება ურთიერთობის დასრულებისას და მას შემდეგ გქონდეთ.

„თუ უსაფრთხოების საკითხის გათვალისწინებაც გიწევთ, საცხოვრებლად სხვა უბანში ან ქალაქში, ოჯახის წევრთან ან მეგობართან გადასვლა სჯობს. ამ შემთხვევაში თანამშრომლები და მეგობრები უნდა გააფრთხილოთ, რომ თქვენი ადგილსამყოფელი არავის გაუმხილონ, თქვენ კი სოციალურ ქსელში აქტივობა უნდა შეზღუდოთ. უმჯობესი იქნება, ტელეფონის ნომერსაც თუ შეიცვლით“, — ამბობს ბატისტინი.

სხვა შემთხვევაში კი, თუ დაშორებაზე პარტნიორთან საუბარი უსაფრთხოა, ამისთვის სათანადო დრო უნდა გამოყოთ. ამასთან, აუცილებელი არაა, იმაზე უფრო დაწვრილმანებით ახსნათ გადაწყვეტილება, ვიდრე გსურთ.

"გახსოვდეთ, რომ 'არა' სრული წინადადებაა", — დასძენს არგერი, — "და, ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი კეთილდღეობის ბედი განსახილველი არ უნდა გახდეს".