1734811100
ზუსტად ის ხალხი, რომელიც ევროინტეგრაციის ნაცვლად ევროისტერიით არის დაკავებული, აზიანებს ჩვენს ნაბიჯებს - შალვა პაპუაშვილი
დღემდე ვერ დავადგინე, რა 120 მილიონზეა საუბარი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ბიუჯეტში ეს ასე არ ჩანს. მე ვთქვი, რომ ბიუჯეტში ეს არის 25 მილიონი ევრო წელიწადში, რაც არის საბიუჯეტო გრანტი. ეს არის 70 მილიონი ლარი 33 მილიარდიან ბიუჯეტში. ანუ, არის აბსოლუტურად ზღვაში წვეთი. არ ვიცი, მათი განცხადებით 120 მილიონი თუ არის წელიწადში, ის 100 მილიონი სად მიდის, არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, სახელმწიფო და ქართველი ხალხის ბიუჯეტში ვთქვი, რომ არის 20 მილიონი ევრო, რომელიც არის ზღვაში წვეთი და არანაირი საჭიროება საქართველოს ხელისუფლებას და ჩვენს ბიუჯეტს არ აქვს ამ საბიუჯეტო გრანტთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ნებისმიერი დახმარება და გვერდით დგომა არის მნიშვნელოვანი, მაგრამ აქაც, სამწუხაროდ, აღმოჩნდა, რომ ხდება ასეთი თანხებით ინსტრუმენტალიზირება და შემდეგ, ამით საზოგადოებაზე ზემოქმედების მცდელობა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
მისი თქმით, საზოგადოებამ ასეთი მანიპულაცია ნახა 2021 წელს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ.
„მაშინ 75-მილიონიან სესხზე იყო საუბარი და არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე იყო ამ ინსტრუმენტის გამოყენების მცდელობა იმისთვის, რომ კვლავ რაღაც ყალბი ნარატივებით საზოგადოებაში ნეგატიური მღელვარება გამოეწვიათ. ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ ვხედავთ რა ამის პოლიტიზებას, ჩვენ თვითონ ვამბობთ უარს ამ სესხზე, რომ არ გვინდა სესხი, რომელსაც შემდეგ პოლიტიკური ინსტრუმენტის სახეს აძლევენ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, როცა ასეთი თემების პოლიტიკურ ინსტრუმენტებად გამოყენება ხდება, ხელისუფლებას ეს არ უღირს, არც საზოგადოების მღელვარებად და არც ევროკავშირის რეპუტაციის შელახვად.
„სინამდვილეში, ამ ხალხმა ამ რეზოლუციებით, კანდიდატის სტატუსზე ამბებით, მოლაპარაკების საკითხის ევროპული ღირებულებებისგან აბსოლუტურად დაცლილი ინსტრუმენტალიზაციით რასაც მიაღწია, იყო ის, რომ ჩვენ უკვე ფაქტობრივად, ვეღარ ვახერხებდით ევროინტეგრაციის საკითხებზე მუშაობას. სინამდვილეში, ევროინტეგრაცია არ არის ეს მჭახე განცხადებები და საუბარი რაღაც ღირებულებებზე, რომელსაც მერე ვერავინ ვერ გვიხსნის, რა არის ასეთი განსაკუთრებული, რაც ქართველებს არ გვაქვს. რა ვართ ასეთი უღირებულებო ქართველი ხალხი? გვეუბნებიან, რომ არსებობს რაღაც საიდუმლო ევროპული ღირებულება, რომელიც ჩვენს გონებამდე, ფასეულობამდე და ტვინებამდე ჯერ დასული არ არის და ეს რაღაც ღირებულებები რამდენიმე ევროპელმა დეპუტატმა აქ მიტინგებიდან თავში უნდა ჩაგვიტვირთონ. აი, ამ ფუჭი საუბრების ფონზე სინამდვილეში, ზიანდება ზუსტად ევროინტეგრაცია. ზუსტად ის ხალხი, რომელიც ევროინტეგრაციის ნაცვლად ევროისტერიით არის დაკავებული, აზიანებს ჩვენს ნაბიჯებს. ჩვენ კიდევ უფრო წინ ვიქნებოდით და უფრო სწრაფი ვიქნებოდით ჩვენს გადაწყვეტილებებში, სრული კონცეტრირება რომ შეგვეძლოს ამ საქმეზე“, – განაცხადა პაპუაშვილმა.