ზურაბიშვილს აჯერებენ, რომ არის ოპოზიციის ლიდერი, სინამდვილეში, აგენტურის ინსტრუმენტია, ხავსს ეპოტინებიან და ცდილობენ, კონსტიტუცია თავზე დაიხიონ - იონათამიშვილი

იონათამიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის რატი იონათამიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი არა ოპოზიციის ლიდერი, არამედ აგენტურის ინსტრუმენტია.

იონათამიშვილის თქმით, მომდევნო არჩევნები ოთხი წლის შემდეგ ჩატარდება და ოპოზიცია რადიკალურ დღის წესრიგს თუ გააგრძელებს, საკუთარ თავს კიდევ უფრო კომიკურ სიტუაციაში ჩაიყენებს.

„სალომე ზურაბიშვილს აჯერებენ, რომ ის არის ოპოზიციის ლიდერი, სინამდვილეში აგენტურის ინსტრუმენტია. როდესაც ის ასე მტრობს ჩვენს ქვეყანას, კარგად უნდა დაფიქრდეს, ამ აგენტურას ვიდრე აწყობს, მოხდება მისი წაქეზება, შემდეგ კი ეს ადამიანები ისევ იგივე სიტყვებით ხომ არ შეამკობენ, როგორც მრავალი წლის განმავლობაში ამკობდნენ. რაც შეეხება არჩევნებს, მომდევნო არჩევნები ოთხი წლის შემდეგ ჩატარდება ჩვენს ქვეყანაში.

პარლამენტის დათხოვნის არც სამართლებრივი მექანიზმები არსებობს და მსგავსი პროცესები ბუნებრივად ვერ იქნება. ეს ადამიანები ხავსს ეპოტინებიან და ცდილობენ, ჩვენი ქვეყნის კონსტიტუცია თავზე დაიხიონ. შესაბამისად, ცხადია, ამის არანაირი საფუძველი არ არის, მაგრამ ამ რადიკალურ პოლიტიკურ დღის წესრიგს თუ მიყვებიან, საკუთარ თავებს კიდევ უფრო სამასხარაო სიტუაციაში ჩაიყენებენ“, – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.