იშვიათი ხატი „კვანძების გამხსნელი“ - ლოცვა, რომელიც ამ ხატის წინაშე იკითხება
1782887923
თბილისის საკრებულოს წევრი, ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე ზაქარია წიკლაური ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებისთვის ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია, რაზეც ელენე ხოშტარიას „ვივამედში“ გადაყვანის გადაწყვეტილება მეტყველებს.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ევროკავშირის ელჩის პოზიციაზე ელენე ხოშტარიას დაფინანსების საკითხთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ, მისი შეფასებით, ამ საკითხზე ორმაგი სტანდარტის ვხვდებით. გარდა ამისა, მან წინა ხელისუფლების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობა გაიხსენა და განაცხადა, რომ დღეს პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა და მათ აქვთ შესაძლებლობა მიიღო საჭირო სამედიცინო დახმარება.
„ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობას ვუსურვებ. დარწმუნებული ვარ, ექიმები ყველაფერს გააკეთებენ, რომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. ხელისუფლების ნება და გადაწყვეტილება, რომ ელენე ხოშტარია სამკურნალოდ „ვივამედში“ გადავიდეს, მეტყველებს იმაზე, რომ ადამიანის ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია.
როდესაც შერჩევით სამართალზე ვსაუბრობთ, აუცილებლად ხაზგასასმელია ევროკავშირის ელჩის პოზიცია ელენე ხოშტარიას რუსეთის ფედერალური ბიუჯეტიდან დაფინანსებასთან დაკავშირებით. ხაზგასასმელია, რომ საკმაოდ დიდი თანხები ირიცხება მის ანგარიშებზე, თუმცა, ევროკავშირის ელჩი მიიჩნევს, რომ ხოშტარიას რუბლებს სუნი არ აქვს. ფაქტია, რომ ხოშტარია ფინანსდება რუსული სახელმწიფოსგან და დღეს თავად სხვებს უწოდებს რუსეთუმეებს.
აუცილებლად უნდა გავიხსენოთ წინა ხელისუფლების პერიოდში პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული პირობები. დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კიდევ ერთხელ ვნახეთ და მოვისმინეთ ადამიანების ისტორიები, რომელთაც პენიტენციურ დაწესებულებებში არათუ ექიმთან კონსულტაციის მოთხოვნის უფლება არ ჰქონდათ, არამედ ერთი დღეც კი არ გაუტარებიათ წამების გარეშე.
დღეს, როდესაც ვსაუბრობთ ელენე ხოშტარიას თუ სხვა პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე, უნდა აღინიშნოს, რომ თითოეული პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კონტროლის ქვეშაა. პენიტენციური სამსახური ყველაფერს აკეთებს, რათა პატიმრების ჯანმრთელობას საფრთხე არ შეექმნას. მათ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ ექიმის კონსულტაცია და იმოქმედონ მისი რეკომენდაციებისა და დანიშნულების შესაბამისად,“ - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.