„ყველას მოვუწოდეთ, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან, ეს პროვოკაცია მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს“ - ლევან მაჭავარიანი

ლევან მაჭავარიანი

„ჩვენ, „ქართული ოცნება" ყველანაირად ხელს ვუწყობთ იმას, რომ წინასაარჩევნო გარემო იყოს მაქსიმალურად მშვიდი და მოვუწოდებთ ოპონენტებსაც ამისკენ, თუმცა ვატყობთ, რომ ოპოზიციის აქტივისტებს ხელოვნური დაძაბულობის და აჟიოტაჟის შექმნა სურთ, გარედან დაფინანსებულ ე.წ. ტიტუშკებს, აკაცუკებს, როგორც გვინდა, ისე ვუწოდოთ. და ამან უკვე სისტემური ხასიათი მიიღო," - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილემ და კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ლევან მაჭავარიანმა განაცხადა.

მაჭავარიანი თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„გუშინაც, ჩვენ ვნახეთ, როგორ მოვიდნენ ისინი შტაბთან, როდესაც აქ მიდიოდა მუშაობა, მოქალაქეების მიღება, ჩვენი მხარდამჭერების მიღება, ჩვეულებრივი წინასაარჩევნო სამუშაო და როგორ გვიშლიდნენ ხელს, რა შეძახილები იყო გარედან, რაღაც ნივთებს ესროდნენ ჩვენს შენობას და ა.შ. ეს არის პირდაპირ უხეში დარღვევა წინასაარჩევნო კამპანიის.

დილიდან თათბირი იყო ჩატარებული შტაბში ყველას მოვუწოდეთ, რომ არ ავყვეთ არანაირ პროვოკაციას, ვინაიდან ეს პროვოკაცია მხოლოდ მათ წისქვილზე ასხამს წყალს, ჩვენი რადიკალი ოპოზიციონერების. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ ქართველები ვართ, ტემპერამენტიანი ხალხი ვართ, ღირსება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რაღაცა საზღვარი და ზღვარი არსებობს, მაგრამ, მაინც ყველას მინდა ვთხოვო, რომ თავშეკავებულები ვიყოთ," - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.