ვუპასუხებდი ბრიტანეთის ელჩს, ან ყურადღებით გაეცნოს რა კანონმდებლობა მივიღეთ მედიასთან დაკავშირებით, ზუსტად იგივე კანონმდებლობას ვაწარმოებთ, როგორიც არის ბრიტანეთში - გურამ მაჭარაშვილი

გურამ მაჭარაშვილი

მმართველი გუნდი, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საგანგებო და სრულუფლებიანის ელჩის, გარეთ უორდის განცხადებას დეზინფორმაციად აფასებს. ელჩმა პრესის თავისუფლების დღეს სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა და ხელისუფლება მედიის შეზღუდვაში დაადანაშაულა.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, დიპლომატები გადაუმოწმებელ ინფორმაციას ავრცელებენ და არასწორ აღქმებს ეყრდნობიან.

"სამწუხაროდ, ზოგიერთი ქვეყნის ელჩს სჩვევია, რომ გადაუმოწმებელ ინფორმაციაზე დაყრდნობით აკეთებს განცხადებებს, რაც არ შეეფერება ელჩს. ელჩის მოვალეობა საერთოდაც არ არის არც ეკონომიკაში და არც პოლიტიკაში ჩართვა იმ ქვეყანაში, სადაც ის მივლინებულია. მისი მოვალეობა არის ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს შეუწყოს ხელი, მაგრამ სამწუხარო მოცემულობა დღეს მსოფლიოშია ასე, არამხოლოდ საქართველოში და ამიტომ ვუპასუხებდი ბრიტანეთის ელჩს, რომ ან ყურადღებით გაეცნოს და საკუთარ აპარატს მოსთხოვოს, ჩვენ რა კანონმდებლობა მივიღეთ მედიასთან დაკავშირებით და შემდეგ აპარატს უსაყვედუროს, თუკი არ უთხრეს, რომ ზუსტად იგივე კანონმდებლობას ვაწარმოებთ, როგორიც არის ბრიტანეთში," - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.