ვსაუბრობდით, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვა მხოლოდ ბუღალტერია არ არის და დონორებმა მათი დაფინანსებული „ენჯეოების“ ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ, თუმცა ყრუ კედელს ვაწყდებოდით - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

პარტიების და მედიების წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ, რუსთაველის სცენა ამჯერად ენჯეოებმა დაიკავეს და მორიგი რევოლუციური სცენარიც ამუშავდა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა მე-10 მოწვევის პარლამენტის საქმიანობის ანგარიშის წარდგენის დროს.

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, ენჯეოები, რომლებიც, ტრადიციულად მხოლოდ დონორების კეთილგანწყობაზე ფიქრობენ და ხალხთან კონტაქტი არ აქვთ, რა თქმა უნდა, აქაც ასცდნენ საზოგადოების განწყობას და რევოლუციის ეს მცდელობაც ჩაიშალა.

,,ჯერ კიდევ პირველი იერიშების მოგერიების რეჟიმში მყოფმა უკრაინამ 2022 წლის 28 თებერვალს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადი შეიტანა. მის მაგალითს შექმნილ ვითარებაში მოლდოვამ და საქართველომაც მივბაძეთ. 23 ივნისს უკრაინას და მოლდოვას ევროკომისიამ წევრობის სტატუსი მიანიჭა, საქართველო კი, რომელიც ყველა პარამეტრით ორივე ქვეყანას უსწრებდა და დღემდე უსწრებს, უსტატუსოდ დატოვა. ერთადერთი შედეგი, რაც ამ პოლიტიკურად მოტივირებულმა გადაწყვეტილებამ მოიტანა, ეროვნული ინტერესების საპირისპიროდ და საომარი დღის წესრიგის სასარგებლოდ რადიკალური მოძრაობის წახალისება იყო.

პარტიების და მედიების წარუმატებელი რევოლუციის შემდეგ, რუსთაველის სცენა ამჯერად ენჯეოებმა დაიკავეს და მორიგი რევოლუციური სცენარიც ამუშავდა. წინა პლანზე გამოვიდნენ ძალები, რომელთა შესახებაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოთხოვნებში ეწერა, რომ ხელისუფლების ყველა დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში უნდა ყოფილიყვნენ ჩართულები და ყველაფერი მათი მონაწილეობითა თუ შეფასებით უნდა გაკეთებულიყო. მათაც, ამ წაქეზებით გათამამებულებმა, არ დააყოვნეს და მოითხოვეს -პარლამენტმა გადააყენოს მთავრობა, ხოლო ახალი მთავრობა დაკომპლექტდეს ენჯეოების მონაწილეობით, სადაც მათ ვეტოს უფლება ექნებოდათ. ენჯეოები, რომლებიც, ტრადიციულად მხოლოდ დონორების კეთილგანწყობაზე ფიქრობენ და ხალხთან კონტაქტი არ აქვთ, რა თქმა უნდა, აქაც ასცდნენ საზოგადოების განწყობას და რევოლუციის ეს მცდელობაც ჩაიშალა.
თუმცა, უცხოეთიდან დაფინანსებული ორგანიზაციების ხელისუფლებისთვის ბრძოლის სცენაზე აყვანა, დონორებისთვის ჩვენნაირად გახსნილი ქვეყნისთვისაც კი, უკვე მეტისმეტი იყო.

არაერთ შეხვედრაზე ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, ჩვენ ვსაუბრობდით იმაზე, რომ სხვა ქვეყანაში ფულის ხარჯვა მხოლოდ ბუღალტერია არ არის და დონორებმა მათი დაფინანსებული ენჯეოების ქმედებებზე პასუხისმგებლობა უნდა იგრძნონ. ამისთვის ყველაზე მარტივი გზა კი დაფინანსების გამჭვირვალობასა და ქართველი ხალხის წინაშე ანგარიშვალდებულებაში იყო. თუმცა პასუხად ყრუ კედელს ვაწყდებოდით. დონორები კონცენტრირებული იყვნენ საკუთარ გეგმებზე, ქართველი ხალხის წუხილი კი მათთვის მეორეხარისხოვანი აღმოჩნდა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.