1747980527
ვნახეთ, გარედან როგორ იყო მართული ცრუ კამპანია გამჭვირვალეობის კანონზე, იგივე სცადეს „ფარაზეც“, ეს არის არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტი, არამედ სტანდარტების მსხვრევა - არჩილ გორდულაძე

კარგად ვნახეთ, როგორ იყო გარედან მართული ცრუ კამპანია გამჭვირვალეობის კანონის წინააღმდეგ, იგივე სცადეს „ფარას“ თაობაზეც, ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ სტანდარტების მსხვრევაა, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მსოფლიოში სტანდარტები აღარ არსებობს და მხოლოდ ერთი სტანდარტია, რაც „დიფ სთეითის“ გავლენების გაზრდას უწყობს ხელს.
„ქართველი ხალხის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს რაც უფრო მეტი ადამიანი შეაფასებს ობიექტურად, მით უკეთესი იქნება. კარგად ვნახეთ, გარედან ცრუ კამპანია როგორ იყო მართული გამჭვირვალეობის კანონის წინააღმდეგ. იგივე „ფარას“ თაობაზეც სცადეს, რომელიც ამერიკული კანონის პირდაპირ სიტყვა-სიტყვით თარგმანია. ამაზეც ტყუილების გავრცელებას ხელი მოაწერეს, თითქოს განსხავევებული კანონია. ამერიკაში როცა „ფარას“ გამკაცრებაზე მსჯელობენ, თურმე ჩვენ უფლება არ გვაქვს, საქართველოში ასეთი კანონი გვქონდეს. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, არამედ სტანდარტების მსხვრევა. სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ მსოფლიოში სტანდარტები აღარ არსებობს და მხოლოდ ერთი სტანდარტია, რაც მისაღებია და ხელს უწყობს „დიფ სთეითის“ გავლენების გაზრდას. ეს ჩვენთან გამორიცხულია და ამიტომ ტრამპის ადმინისტრაციას ვგულშემატკივრობთ, რომ „დიფ სთეითი“ დაამარცხოს“, – განაცხადა გორდულაძემ.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ „ევრონიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში დაწერა, რომ „უცხოური გავლენის შესახებ კანონები ორმაგი სტანდარტის გარეშე უნდა შემოწმდეს, რაც მიუღებელია საქართველოში ან უნგრეთში, ასეთნაირად უნდა შეფასდეს გერმანიასა და რუმინეთშიც“.