ვლადიმერ ბოჟაძე - გაუგებარია, ვადაგასულ პრეზიდენტს 26 მაისის ღონისძიებებთან რა კავშირი აქვს, ღონისძიებები უკვე დაგეგმილია და მას სახელმწიფო ჩაატარებს

ვლადიმერ ბოჟაძე

გაუგებარია, ვადაგასულ პრეზიდენტს 26 მაისის ღონისძიებებთან რა კავშირი აქვს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, 26 მაისის ღონისძიებები უკვე დაგეგმილია და მას სახელმწიფო ჩაატარებს.

„სალომე ზურაბიშვილის მიზანი რა არის, ვერ გეტყვით. ალბათ, იგივე პერფორმანსი იყოს, რაც საზოგადოებამ 9 აპრილს ნახა, ისევ გაყოფილი საზოგადოება. არ ვიცი, ასეთ სცენარს რა შეიძლება, მოჰყვეს, გარდა იმისა, რომ საზოგადოებაში დაპირისპირება იყოს. 26 მაისი ყველაზე ძვირფასი დღეა, საქართველოს დაბადების დღე და ის ყველა მოქალაქემ ერთნაირად უნდა აღნიშნოს. საქართველო თუ ოდესმე ყოფილა დამოუკიდებელი, ეს დღეს არის. სალომე ზურაბიშვილს შევახსენებ, მისი ნომინირების რეკომენდატორები ვინ იყვნენ, როგორ გახდა პრეზიდენტი და როგორ დასჭირდა დიდი ძალისხმევა, რათა პრეზიდენტი გამხდარიყო“, – განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.